
ევროპარლამენტმა გოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
15/12/2022 13:57:05 ევროპა
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საბჭოთა ხელისუფლების მიერ უკრაინაში 1932-1933 წლებში პროვოცირებული შიმშილობა – „გოლოდომორი“ უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. რეზოლუციას მხარი 507-მა დეპუტატმა დაუჭირა, 12 წინააღმდეგ წავიდა.
მიღებული დოკუმენტით ევროპარლამენტის დეპუტატები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს, პატივს სცემენ დაღუპულებს „სტალინური რეჟიმის მიზანმიმართული ქმედებების გამო, ხელოვნურად გამოეწვია შიმშილობა“, ასევე მკაცრად გმობენ ტოტალიტარული საბჭოთა რეჟიმის ქმედებებს, რომელმაც მილიონობით უკრაინელი იმსხვერპლა.
ევროპარლამენტი ასევე გმობს რუსეთის ახალ დანაშაულებებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, მათ შორის ზამთრის პერიოდში უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულიგანადგურებას. რეზოლუცია ადანაშაულებს რუსეთის ამჟამინდელ რეჟიმს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში, უკრაინის, როგორც ეროვნული სახელმწიფოს, მისი ხალხის იდენტობისა და კულტურის განადგურებისკენ სწრაფვაში.
მანამდე ირლანდიის, რუმინეთის, მოლდოვას, ჩეხეთისა და გერმანიის პარლამენტებმა აღიარეს გოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად. 2018 წელს აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ასევე აღიარებს გოლოდომორს გენოციდად.