Accentnews.ge
საქართველოში ელექტროენერგიის, საწვავის და გაზის მოხმარება გაიზარდა

საქართველოში ელექტროენერგიის, საწვავის და გაზის მოხმარება გაიზარდა

16/12/2022 07:43:58 ეკონომიკა

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, 13.3%–ით გაიზარდა და 12 645.1 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა,– იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

სასტატის ცნობით, ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა ძირითადად განპირობებული იყო გაზრდილი წყალმოდინებით.

მისივე ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში მოპოვებულია 35.5 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2020 წელთან შედარებით 13.4%–ით მეტი), 147.9 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 48.9%–ით მეტი) და 16.0 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 1.8-ჯერ მეტი).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, შეშის წარმოება 3.7%–ით გაიზარდა და 1 256.5 ათასი მ3 შეშა შეადგინა. ამავე პერიოდში შემცირებულია სხვა ბიოსაწვავისა და ნარჩენების წარმოება.

„წარმოების სტრუქტურაში უდიდესი წილი (74.2%) მოდის ელექტროენერგიაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებიდან წარმოებული ენერგია (16.0%), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებას, „საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წელს 13 118.6 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14.3%–ით მეტია.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2021 წლის მონაცემებით, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ 2 801.2 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 3.8%–ითმეტი) შეადგინა, ხოლო ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარებამ ამავე პერიოდში 2 226.5 მილიონი მ3 შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 11.0%–ით აღემატება.

2020 წელთან შედარებით, ბუნებრივი გაზის მოხმარება შინამეურნეობების სექტორში (9.3%–ით მეტი) გაიზარდა. მოთხოვნის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა კერძო და სახელმწიფო მომსახურების დარგში. უნდა აღინიშნოს, რომ საგზაო ტრანსპორტში ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირებულია, რაც განპირობებულია გარკვეულწილად ფასის ზრდით და ბოლო პერიოდში თხევადი გაზის (LPG) მხრიდან გაზრდილი კონკურენციით. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ქვეყანაში ჰიბრიდული და ელექტროავტომობილების რაოდენობის ზრდა ავტოტრანსპორტის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების შემცირებასაც განაპირობებს.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 360.2 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, (წინა წელთან შედარებით 5.6%–ით მეტი). ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 39.0% მოდის ბუნებრივ გაზზე.

შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (28.3%) და ელექტროენერგია (23.0%). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 4.8% შეადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენები, ხოლო დარჩენილი 5.0% მოდის ქვანახშირზე და გეოთერმულ ენერგიაზე.

2021 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია შინამეურნეობების სექტორი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 30.7%. რაც შეეხება სხვა დარგებს, 30.6% მოდის ტრანსპორტის, 18.0% - მრეწველობის, 3.9% - მშენებლობის, 0.5% - სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგებზე, ხოლო დარჩენილი 16.3% - კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S