
უკრაინის საჰაერო ძალებმა განმარტეს, საიდან და რა ტიპის რაკეტები გაუშვა რუსეთმა უკრაინაში 16 დეკემბერს
16/12/2022 11:30:29 ევროპა
16 დეკემბრის დილის მდგომარეობით ცნობილია რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით 60-ზე მეტი რაკეტის გაშვების თაობაზე,– განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა.
„ამ დროისთვის არის ინფორმაცია 60-ზე მეტი რაკეტის შესახებ, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე გაფრინდნენ. ტუ-95 თვითმფრინავებიდან ისროლეს Kh-555 და Kh-101 რაკეტები. ასევე გაუშვეს „კალიბრი“შავი ზღვიდან. გამოიყენეს S-300–ის რაკეტები. ასევე ფიქსირდება Tu-22M3 ბომბდამშენების მუშაობა, რომლებიც ახორციელებენ Kh-22 რაკეტების გაშვებას“, - თქვა იგნატმა უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში.
გარდა ამისა, მისი თქმით, დაფიქსირდა „კინჯალის“ რაკეტების მატარებელი რუსული MiG-31K თვითმფრინავების და SU -35 გამანადგურებლების Kh-59 რაკეტებით მუშაობა.
„მტერს სურდა საჰაერო თავდაცვის ყურადღების გაფანტვა... საჰაერო თავდაცვამ კარგად იმუშავა. ჩვენ ახლა ველოდებით შედეგებს. შედეგებს აუცილებლად შეგატყობინებთ“, - განაცხადა იგნატმა.
მან ასევე დასძინა, რომ ამჯერად რუსულმა ჯარებმა გამოიყენეს ტუ-95 სტრატეგიული ბომბდამშენები რუსული „ენგელსის“ ტერიტორიიდან, სადაც თვითმფრინავები პირდაპირ აეროდრომზეა გაჩერებული.
”ასევე გამოიყენეს გაშვებები კასპიის ზღვის ჩრდილოეთიდან, როგორც ამას ყოველთვის აკეთებენ დამპყრობლები”, - თქვა მომხსენებელმა.
მან დასძინა, რომ ჯერ არ არის ინფორმაცია 16 დეკემბერს დარტყმის დროს დრონების გამოყენების შესახებ.