Accentnews.ge
ჰააგამ აგვისტოს ომის საქმის გამოძიება სამი ოსი ბრალდებულისა და აწ გარდაცვლილი რუსი გენერლის "სავარაუდო როლის" გამოკვეთით დაასრულა

ჰააგამ აგვისტოს ომის საქმის გამოძიება სამი ოსი ბრალდებულისა და აწ გარდაცვლილი რუსი გენერლის "სავარაუდო როლის" გამოკვეთით დაასრულა

16/12/2022 12:11:27 სამართალი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ქერიმ ხანმა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საგამოძიებო ეტაპის დასრულების შესახებ განაცხადა. საქმე 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს ეხება.

გამოძიებამ გამოკვეთა მხოლოდ სამი ბრალდებული, რომლებიც ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მკვიდრები არიან. დაკავების ორდერები გაცემულია, კერძოდ, მიხეილ მაირამის ძე მინძაევზე, ჰამლეტ გუჩმაზოვზე და დავით გიორგის ძე სანაკოევზე. ბრალდებულთა სასამართლოს წინაშე წარსადგენად მუშაობა გრძელდება. დასკვნაში საუბარია ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, აწ გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის "სავარაუდო როლზე".

ქერიმ ხანის განცხადებაში ვკითხულობთ:

"გამოძიების დაწყების დღიდან ჩემმა ოფისმა შეისწავლა მტკიცებულებები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდებოდა. პროკურორის ოფისი თავის საქმიანობას დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად ახორციელებდა. იგი თანამშრომლობდა დაზარალებულებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან.

აღნიშნული გამოძიების შედეგად 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენია: მიხაილ მაირამის ძე მინძაევი, ჰამლეტ გუჩმაზოვი და დავით გიორგის ძე სანაკოევი. ჩემს მიერ წარდგენილი ბრალდებები, რომლებთან მიმართებაშიც გაიცა დაპატიმრების ორდერები, ეხება, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და შემდგომში მათ უკანონო გადაადგილებას. როგორც დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას აღვნიშნე, აღნიშნული დანაშაულები დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, როგორიც იყო, მაგალითად, ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივი ძარცვა-განადგურება, ასევე ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა.

აღნიშნულ ეჭვმიტანილებს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიუძღვით ზემოთხსენებული სავარაუდო დანაშაულების ჩადენაში.

გამოძიებისას ასევე გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ამჟამად გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის სავარაუდო როლიც. მას აღნიშნული მოვლენების დროს საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის თანამდებობა ეკავა და სავარაუდოდ, განზრახ შეუწყო ხელი ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩადენას.

დღეს შემიძლია, დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემმა ოფისმა გადაწყვიტა, სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება პროკურორის ოფისის ეფექტური სტრატეგიის ფორმულირებისა და განხორციელების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ განსახილველ დანაშაულებრივ ქმედებათა მასშტაბის გათვალისწინებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვისარგებლო რომის სტატუტით მონიჭებული დისკრეციით, რათა ეფექტურად ვმართო ჩემი, როგორც პროკურორის მანდატის განხორციელება. თანამდებობის დაკავებისთანავე ცალსახად განვაცხადე: არ მსურს გავაგრძელო დაზარალებულთათვის და მსხვერპლთა ოჯახებისთვის გადაჭარბებული დაპირებების მიცემა და შემდეგ მათი ვერშესრულება. რეალური შედეგების მისაღწევად ზედმიწევნით უნდა გავაანალიზოთ, როგორ შეიძლება რესურსების ყველაზე ეფექტიანად გამოყენება იმგვარად, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს მათთვის, ვინც მთელს მსოფლიოში ჩვენს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულებით დაზარალდა.

სიტუაციური დაგეგმვისა და მასთან დაკავშირებული დასრულების სტრატეგიების შემუშავების საჭიროება ასევე ასახავს იმ მზარდ სამართლიან მოლოდინს, რომ სასამართლო გამოძებნის გზებს და საშუალებებს, რათა რეალურად იმუშავოს რამდენიმე სიტუაციაზე შეზღუდული რესურსების პირობებში. აღნიშნულის აუცილებლობა ასევე აისახა წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის დაკვეთით დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების ახლახანს ჩატარებულ პროცესში.

პროკურორის ოფისი აგრძელებს და სამომავლოდაც გააგრძელებს ძალისხმევას დაპატიმრების ორდერის ადრესატების სამართლებრივი დევნისათვის.

ამ მუშაობამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მნიშვნელოვანი გააქტიურება გამოიწვია ჩვენს ოფისში საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან ვცდილობთ, წინასწარ მოვემზადოთ სასამართლო განხილვისთვის და უზრუნველვყოთ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვა. მომავალში კვლავაც აუცილებელი იქნება ჩემი ოფისისა და პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელის დადგენა და მათი დაკავება, ასევე იმ არსებული საქმეების განხილვა, რომლებმაც სასამართლო განხილვის დაწყებიდან საბოლოო სააპელაციო წარმოების ჩათვლით ყველა ეტაპი უნდა გაიაროს, მათ შორის - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ასევე რეპარაციების ეტაპიც. აღნიშნული საქმეები სასამართლო პალატების წარმოებაში დარჩება, ხოლო სასამართლოს კანცელარია თავის მრავალგანზომილებიანი მანდატის განხორციელებას გააგრძელებს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S