ჰააგის გადაწყვეტილება დასტურია, რომ სააკაშვილი პუტინის ტყვეა – მელია
16/12/2022 19:21:26 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმაურება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპის დასრულებას და აცხადებს, რომ „თავისუფალმა სამყარომ საქართველო სრულად გაამართლა იმ ომში, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული ოცნების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს აბრალებდნენ“.
„უარყოფილია ყველა ბრალდება ქართველი სამხედროების მიმართ. უარყოფილია ყველა ბრალდება საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ. საქართველო გამართლდა“, – აღნიშნა მელიამ.
მისი თქმით, „გუშინაც კი ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას 2008 წლის ომს ახსენებდა, როგორც მის დანაშაულს. მთელი ამ წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ ბრალს გვდებდა იმაში, რომ საქართველომ კაპიტულაცია არ გამოაცხადა, არ დაემორჩილა ოკუპანტებს და დაიცვა თავისუფლება, სუვერენიტეტი და სახელმწიფო. ის იყო რუსული ნარატივი, რომელსაც მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად იმეორებდა რუსული სატელიტი "ქართული ოცნება“.
მელიას განცხადებით, „ის, რაც „ოცნებისთვის“ დანაშაულია, – პატრიოტიზმი და ღირსება, – ცივილიზებული კაცობრიობისთვის რჩება მუდმივ ღირებულებად“.
„ამ ღირებულებებთან შინაგანი შეუთავსებლობა განაპირობებს ოლიგარქიული რეჟიმის ბრძოლას საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც გმირულად იბრძვიან უკრაინაში პუტინის იმპერიის წინააღმდეგ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი შეფასებით, „სასამართლოს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი დადასტურება იმისა, რომ ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ტყვე“.
„ბოროტების იმპერიასთან მებრძოლი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს აფრთხილებდა მსოფლიოს, რა მოხდებოდა, თუ რუსეთს არ შეაჩერებდნენ, რუს ოლიგარქ ივანიშვილს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პირობებში დატყვევებული ჰყავს“, – განაცხადა მელიამ.
16 დეკემბერს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დასრულდა.
გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა.
იხილეთ ასევე: 2008 წლის ომი: ჰააგის გადაწყვეტილების საკვანძო პოლიტიკურ–სამართლებრივი ასპექტები


