16-12-2022 20:15:39 ინტერვიუ
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დაასრულა, რომელიც 2016 წლის 27 იანვარს დაიწყო მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ ჩაატარა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ ძიება ჩიხში შევიდა, არ აქვს რა წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. თუმცა მანამდე ჰააგის პროკურატურა თვალს ადევნებდა გამოძიების პროცესს და ამოწმებდა ღია წყაროებსაც.
უშუალოდ ჰააგის პროკურორი იძიებდა სისხლის სამართლოს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი ადამიანურობისა და ომის დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იქნა ჩადენილი.
გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენი არიან:
„ბრალდებები, რომელთა მიმართაც გაიცა დაპატიმრების ორდერები, ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას. როგორც ამ დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას აღვნიშნე, აღნიშნული დანაშაულები დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, როგორიც იყო, მაგალითად, ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივი ძარცვა და განადგურება, ასევე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა“, — ნათქვამია კარიმ ხანის განცხადებაში.
პროკურორის თანახმად, აღნიშნული ეჭვმიტანილები მათ შორის არიან, ვისაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიუძღვის ზემოხსენებული სავარაუდო დანაშაულების ჩადენაში.
„დღეს შემიძლია, დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა“, – თქვა ჰააგის პროკურორმა.
რუსეთის მცდელობის მიუხედავად, საბრალდებო სკამზე ქართველები არ აღმოჩნდნენ
ამ გარემოებას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი 2008-2016 წლებში ლევან მესხორაძე მით უფრო, იმ ფონზე, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა აქტორების, სახელმწიფოს მხრიდან ჟღერდა ბრალდებები და მითითება ხდებოდა ქართული ჯარის მხრიდან ჩადენილ გარკვეულ სავარაუდო დანაშაულებზე სამოქალაქო პირების – უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ. ჰააგის პროკურორის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კი უკვე საბოლოოდ, საერთაშორისო დონეზე გამორიცხა სადავო სიტუაციებში ქართული მხარის ბრალეულობა.
„გამოძიება მიდიოდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ და ომის დანაშაულებთან დაკავშირებით. ამ გარემოებებზე და იმ მწვავე თუ გარკვეული სიტუაციების გამოძიების, გაანალიზების შემდეგ დადგინდა, რომ რეალურად, ქართული მხარის პოზიცია 2008 წლიდან მოყოლებული სწორი იყო: ჩვენ ვაცხადებდით, რომ საქართველო მოქმედებდა თავდაცვით მდგომარეობაში და საერთაშორისო სამართლის წესების სრული დაცვით, რომ დანაშაულები (მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კონფლიქტი იყო და ამ კონფლიქტის მეორე მხარეს იდგა დიდი ძალა რუსული სახელმწიფოს და მისი ხელისუფლების სახით) არ ჩაუდენია – საქართველო მოქმედებდა იმ ჩარჩოში, რომელსაც საერთაშორისო სამართალი განსაზღვრავს. ამდენად, ვიმეორებ, არანაირი დანაშაული, მით უმეტეს, კაცობრიობის და ადამიანურობის წინააღმდეგ, ქართულ ჯარს და ზოგადად, ქართულ მხარეს არ ჩაუდენია! გადაწყვეტილება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ჯარისთვისაც“,– განმარტავს „აქცენტთან“ მესხორაძე.
აქ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ რუსეთი გამოძიების პროცესში ინარჩუნებდა კომუნიკაციას ჰააგის პროკურატურასთან; ახორციელებდა და ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ტერიტორიაზე, სადაც დანაშაულები მოხდა; ხოლო ქართულ მხარეს მისი საწინააღმდეგო მტკიცებულებების, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ ჰქონდა განადგურების შესაძლებლობა, არ აქვს რა წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აი, მტკიცებულებების გაყალბება, როგორც ქართველი სპეციალისტები აღნიშნავენ, რუსეთის გამოცდილი პრაქტიკაა, რისთვისაც არც ამ შემთხვევაში უღალატია.
„რუსეთის მხრიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში იგზავნებოდა არაერთი კომუნიკაცია – თანამშრომლობდნენ, რაც მიზნად ისახავდა ვითარების იმგვარად ჩამოყალიბებას, რომელიც გამოკვეთდა ქართველი სამხედროების დანაშაულებს. მით უმეტეს, საფრთხილო და გასათვალისწინებელი გარემოება იყო თავად რუსული ფაქტორი: სხვა სახელმწიფოთაშორის საქმეზეც არაერთხელ გვქონია სარწმუნო ფაქტები, რომ აყალბებენ ინფორმაციას, ამახინჯებენ გარემოებებს, ფაქტებს და ზოგჯერ, მტკიცებულებებსაც. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მათ ძალისხმევას შედეგი რომ არ მოჰყვა, ესეც მნიშვნელოვანი გარემოებაა“,– დასძენს მესხორაძე.
რატომ მხოლოდ სამი ბრალდებული
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ სამმა ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული. ადამიანის უფლებათა დარღვევები მასობრივად მოხდა და აქ უნდა ვისაუბროთ სტრასბურგის ადამიანის უფლებების 2021 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლის აღსრულების ფარგლებშიც კონვენციის საფუძველზე რუსეთის სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ჩაატაროს გამოძიება გადაწყვეტილებაში მოყვანილ სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ უამრავ დანაშაულზე, გამოკვეთოს პასუხისმგებელი პირები და დასაჯოს ისინი. ეს არის ინდივიდუალური საქმეები, სადაც ინდივიდუალურ დონეზე უნდა დადგეს პასუხისმგებლობა. ამის გარეშე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება,– გვახსენებს მესხორაძე.
ინფორმაციისთვის: ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 17-მოსამართლიანმა კოლეგიამ დაადგინა:
იხილეთ ასევე: 2008 წლის ომი: რას შეცვლის სტრასბურგის ისტორიული გადაწყვეტილება
„ამას რუსეთი გააკეთებს თუ არა და როდის, ეს მეორე საკითხია, მათ შორის, პოლიტიკურიც. მაგრამ უკანასკნელი მოვლენები (ვგულისხმობ უკრაინას) გვიჩვენებს, რომ ვითარება სწრაფად ცვალებადია, მათ შორის, ჩვენს რეგიონში და მთლიანად ევროპაში. ამიტომ, გადაწყვეტილება, რომელიღაც დღის ბოლოს (მჯერა, რომ ეს არ იქნება შორეული პერსპექტივა) ინება აღსრულებული“,– დარწმუნებულია მესხორაძე
ის განმარტავს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია არაა კონკრეტულ დანაშაულებზე რეაგირება და ამ შემთხვევაშიც ეხებოდა ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს მის ხელთ არსებული მასალების ფარგლებში. აქ იყო ორი კომპონენტი: ე.წ. ქართული კომპონენტი – სამხედროების თავდასხმა სამშვიდობოებზე და მეორე – რუსული აქტორი (თავად რუსეთი და მის კონტროლს ქვეშ არსებული სეპარატისტები). პროკურორმა ამ ფარგლებში გამოკვეთა დამნაშავეები.
გადაწყვეტილების პოლიტიკური მნიშვნელობა
ამ კონტექსტში მესხორაძე ორ არსებით გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:
ამიტომაც, მესხორაძის დასკვნით, როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ კონტექსტში, გადაწყვეტილებას გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვს.