
სომხური თემი საქართველოს ხელისუფლებას ყარაბაღის ბლოკადის გამო ბაქოს ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებს
16/12/2022 20:16:12 კავკასია
საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა გაერო-ს წარმომადგენლობის შენობასთან მიტინგი გამართეს, აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკირება გააპროტესტეს და საქართველოს ხელისუფლებას ბაქოს ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდეს.
გზა, რომელიც აქტივისტებმა ეკოლოგიური პრობლემების საბაბით გადაკეტეს, 12 დეკემბრიდანაა ბლოკირებული.
"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თბილისში ვიზიტით ისარგებლოს, გამბედაობა გამოიჩინოს, ვითარებას რეალური შეფასება მისცეს და დაგმოს ეს მუხთლური, არაადამიანური ნაბიჯი ყარაბაღის 120 000 უდანაშაულო მცხოვრების წინააღმდეგ" - განაცხადეს თემის წარმომადგენლებმა.
ცნობისთვის: აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი თბილისს 15 დეკემბერს სტუმრობდა. იგი ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობოთაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
დღეს ცნობილი გახდა ყარაბაღის გაზმომარაგების განახლების თაობაზე. გაზი რეგიონს 13 დეკემბრიდან არ მიეწოდებოდა.