
NATO: მივესალმებით საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის ხელისუფლების ნაბიჯებს, პუტინის ენერგობერკეტი სუსტდება
19/12/2022 13:59:05 პოლიტიკა
NATO–ში აცხადებენ, რომ მიესალმებიან საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. ამის შესახებ "აქცენტს" ალიანსში განუცხადეს.
"ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის. ეს მოიცავს სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებას", განუცხადეს "აქცენტს" NATO–ში.
როგორც ალიანსში აღნიშნავენ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ენერგეტიკული ბერკეტი სუსტდება.
"ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ევროპელები დამოკიდებულნი იყვნენ რუსულ ნავთობსა და გაზზე. რუსეთმა ენერგია იარაღად გამოიყენა და ცდილობდა, გამოეყენებინა ის ჩვენი შანტაჟის მიზნით და ხელი შეეშალა ჩვენთვის, გაგვეწია უკრაინისთვის მხარდაჭერა, თუმცა პრეზიდენტ პუტინს ეს მცდელობა არ გამოუვიდა. მოკავშირეები იღებენ შესანიშნავ ზომებს ენერგიის მოხმარების შესამცირებლად და ენერგიის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის. ევროპაში გაზის საცავები სავსეა. მოკავშირეები დებენ კონტრაქტებს თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების, ბირთვული რეაქტორების სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების განახლების შესახებ. რუსეთი ამჟამად ევროპას გაზის 10 –ზე ნაკლებს აწვდის იმ 45 %–თან შედარებით, რასაც ომამდე აწვდიდა. ეს წარმოადგენს ბუფერს რუსული მიწოდების შემდგომი შეწყვეტის ან სხვა შოკის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ G7 ასევე დათანხმდა, შეზღუდოს რუსული ნავთობის ფასი, რაც კიდევ უფრო შეზღუდავს შემოსავალს, რომელიც აფინანსებს კრემლის ომს და ნატო–ს ქვეყნები გააგრძელებენ ინვესტიციებს სტაბილურ და საიმედო ენერგომომარაგებაში, მიმწოდებლებში და წყაროებში. ასე რომ, პრეზიდენტ პუტინის ენერგეტიკული ბერკეტი სუსტდება", – განუცხადეს "აქცენტს" NATO–ში.
ამასთან, ალიანსი აღნიშნავს, რომ მზად არის, მეტი გააკეთოს საქართველოს მედეგობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად:
"NATO–ს პარტნიორობა საქართველოსთან მყარია. ნოემბრის ბოლოს ბუქარესტში NATO–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრნენ. ეს სამი ქვეყანა რუსეთის ზეწოლის წინაშე დგას და ნატო მზადაა, მეტი გააკეთოს მათი მედეგობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" საფუძველზე, მათ შორის სიტუატიური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერ სფეროებში, ასევე დავეხმარებით საქართველოს საკუთარი კიბერ შესაძლებლობების განვითარებაში და საქართველოში NATO–ს სამეკავშირეო ოფისის დამატებითი პერსონალის უზრუნველყოფით".
ცნობისთვის: 17 დეკემბერს საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო.
დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.
ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის.
შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის წყალქვეშა გადამცემი კაბელის პროექტი არის ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილი, ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი.
ამასთან, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას აღმოსავლეთ პარტნიორებთან, რომ დაჩქარდეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით პროექტების იმპლემენტაცია.
მისივე თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ გადამწყვეტ ინსტრუმენტად რჩება.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რჩება გადამწყვეტ ინსტრუმენტად მედეგობის, აღდგენისა და რეფორმების წინ წასაწევად. ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გაწერილი 17 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების იმპლემენტაცია. მნიშვნელოვანია მწვანე და ციფრული გარდაქმნის დაჩქარება და დაკავშირების გაუმჯობესება“, – განაცხადა ვარჰეიმ.