
ლუკაშენკოს და პუტინს ვიზიტის საჯარო ნაწილში უკრაინა არ უხსენებიათ
19/12/2022 16:23:19 ევროპა
რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა მინსკში გამართულ სამიტზე საჯარო განცხადებებში უკრაინის ხსენებას თავი აარიდეს.
ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ბელარუსი რუსეთის უახლოესი მოკავშირეა და რომ ორმა ქვეყანას შორის ვაჭრობამ წელს შესაძლოა, 40 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწიოს, რაც რეკორდულად მაღალი ნიშნული იქნება.
პუტინის თქმითვე, რუსეთი მზადაა, გააგრძელოს ბელარუსის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი და დაეხმაროს ოფიციალურ მინსკს ატომური ენერგიის ინდუსტრიის შექმნაში.
მედიის ცნობით, პუტინი ლუკაშენკოს სავაჭრო ბრუნვის გაზრდისა და ბირთვული ენერგიის განვითარების გარდა, კოსმოსში თანამშრომლობასაც დაჰპირდა.
პუტინი მინსკში სამწლიანი პაუზის შემდეგ ჩავიდა. როგორც ლუკაშენკომ თქვა, შეხვედრისას ლიდერები გეგმავენ, განიხილონ სტრატეგიული საკითხები, პირველ რიგში, ეკონომიკის სფერო და ისაუბრებენ ბელარუსისა და რუსეთის გარშემო არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზეც.
ბელარუსში ჩავიდნენ რუსეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრებიც.