
ხონში განზრახ მკვლელობის და ხულიგნობის სამეზე ბრალი 5 პირს წაუყენეს
19/12/2022 17:19:40 სამართალი
საქართველოს პროკურატურამ ხონში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების ვერსიით, 17 დეკემბერს ხონში ბრალდებულებს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ რამდენიმე პირთან, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რითაც უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი. დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაზარალებულს დანით ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ხუთივე პირი 18 დეკემბერს დააკავეს. ერთ-ერთს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოთხს პირს ბრალდება 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ხუთივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.
გამოძიება გრძელდება დანაშაულში სავარაუდო მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.