
უკრაინის დაზვერვამ ისაუბრა, რას შეიძლება, ნიშნავდეს პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრა მინსკში
19/12/2022 20:25:52 ევროპა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ისაუბრა, რას შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს დღევანდელი შეხვედრა მინსკში.
„თუ საუბარი მიდიოდა ოპერაციის კონკრეტულ მომზადებაზე, მაშინ ეს უკვე სხვა დონეა – ყოველ შემთხვევაში, გენერალური შტაბის. თუ პუტინი დიქტატორთან მიდის, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მას სურდა. მაგრამ, ალბათ, დაარწმუნებას [პუტინი ლუკაშენკოს უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაერთოს] შეეცდება. ეს არის პუტინის ერთ-ერთი იმედი - ჩაერთოს ლუკაშენკოს რეჟიმი და ბელარუსი სრულმასშტაბიან სახმელეთო ოპერაციაში.როგორი დიქტატორიც არ უნდა იყოს ლუკაშენკო... აქამდე მას ესმოდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მისი რეჟიმისა და მისი არმიისთვის თვითმკვლელობის აბსოლუტური აქტი იქნებოდა. ვიმედოვნებთ, რომ თვითგადარჩენის ეს ინსტინქტი კვლავ შენარჩუნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინული ძალები მზად არიან სხვადასხვა სცენარისთვის“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა ეროვნული ტელემათონის ეთერში და დასძინა, „ლუკაშენკოს შესახებ ილუზიები არ არსებობს, მაგრამ თუ იქნება დამრტყმელი ჯგუფები, უკრაინა ამის შესახებ გაიგებს და ეს იქნება საჯარო ინფორმაცია როგორც უკრაინის სპეცსამსახურების, ასევე ჩვენი მოკავშირეებისგან“.
19 დეკემბერს ვლადიმირ პუტინი სამი წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა მინსკში, რათა მონაწილეობა მიეღო პირისპირ მოლაპარაკებებში ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, ასევე უფრო ფართო ფორმატში ორივე ქვეყნის ოფიციალური პირების მონაწილეობით. მინსკში ასევე ჩავიდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
ომის შემსწავლელი ამერიკულ ინსტიტუტში (ISW) მიაჩნიათ, რომ ამ შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ, ზეწოლას მოახდენს ალექსანდრ ლუკაშენკოზე, რათა დათმობაზე წავიდეს რუსეთ-ბელარუსიის ინტეგრაციაში. ISW-ის ექსპერტები თვლიან, რომ პუტინის ვიზიტი მინსკში შეიძლება, ასევე მიუთითებდეს იმაზე, რომ ის ცდილობს, შექმნას პირობები უკრაინაზე განახლებული შეტევისთვის.
თავად პუტინმა მინსკში მოლაპარაკებებს „ძალიან სასარგებლო და დროული“ უწოდა, – იტყობინება კრემლის პრესსამსახური.
პუტინის თქმით, ეს შეხვედრა „ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა არა მხოლოდ შედეგების შესაჯამებლად, არამედ შემდგომი ნაბიჯების დასადგენად“.
რუსული სახელმწიფო მედიარესურსის ცნობით, პუტინმა აღნიშნა, რომ მან მინსკში, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილა ერთიანი თავდაცვის სივრცის შექმნა და მხარეები ასევე შეთანხმდნენ ერთობლივი წვრთნების პრაქტიკის გაგრძელებაზე.
„შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და ბელარუსის გენერალური სამხედრო დოქტრინის თანმიმდევრული განხორციელების ფარგლებში, ერთობლივი სამხედრო დაგეგმვა მიმდინარეობს.
მოქმედებს რუსულ-ბელარუსის ჯარების რეგიონალური დაჯგუფება. ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზე მიიღება ზომები ჩვენი ქვეყნის ფორმირებებისა და სამხედრო ნაწილების საბრძოლო კოორდინაციისთვის“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.ლუკაშენკოს და პუტინს უკრაინა საჯარო კომენტარებში არ უხსენებიათ.