
ზელენსკიმ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას და საზოგადოებას მიმართა
20/12/2022 06:04:49 პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხალხს და ხელისუფლებას მიმართა, მიხეილ სააკაშვილისადმი ლმობიერება გამოიჩინონ, განსაკუთრებით, შობის წინა პერიოდში.
„მინდა, მივმართო ყველა ჩვენს მეგობარს და უბრალოდ, კეთილსინდისიერ ადამიანებს საქართველოში. ალბათ, ნახეთ რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - განაცხადა ზელენსკიმ 19 დეკემბერს, ღამით, ვიდეომიმართვისას.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის, რაც მიხეილ სააკაშვილის თავს ხდება, აბუჩად აგდებაა, ეს საქართველოს არ შეეფერება და უნდა შეწყდეს. ზელენსკი ითხოვს გადაწყვეტილებას, რომელიც სააკაშვილის სიცოცხლეს გადაარჩენს და მის გადაყვანას უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის, ან ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში.
14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია კლინიკა "ვივამედში" მყოფი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ეს კადრები შეაფასეს იმის დასტურად, რომ ცნობები სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, გარდა იმისა, რომ ვიდეოს გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევად შეაფასა, კადრები მიიჩნია ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთ დასტურად.
ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუადგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. იმავე დღეს გამოქვეყნდა ცენტრ "ემპათიის" სასამართლო საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, თუ დაპატიმრებამდე მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, საიდანაც 10-მდე წამყვანია, შეუთავსებელს ხდის პატიმრობას და თუ ცალკეულ დიაგნოზს ადეკვატური მკურნალობა არ მოჰყვა ამერიკულ, ან ევროპულ კლინიკაში, შესაძლოა, პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს.