
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი კორუფციისთვის დააკავეს
20/12/2022 06:32:30 სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი გამოავლინა.
უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი რეგიონალური ქვედანაყოფის სპეციალისტი კორუფციულ გარიგებაში იმყოფებოდა ხე-ტყის ბიზნესში დასაქმებულ მეწარმეებთან, რომელთაგანაც, სამსახურებრივი მფარველობისა და დარღვევებზე რეაგირების განუხორცილებლობის სანაცვლოდ, გარკვეული პერიოდულობით, იღებდა შესაბამის თანხებს.
უწყების ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადასტურდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტი „რ.ხ.“ მფარველობას უწევდა ხე-ტყის ბიზნესში დასაქმებულ „მ.ნ.“-ს, რომელმაც „რ.ხ.“-ს გაწეული მფარველობის სანაცვლოდ, ორჯერ, პირად ანგარიშზე ჩაურიცხა შესაბამისი თანხა. ხოლო, ერთ შემთხვევაში – ბრალდებულმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით არ შეადგინა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რის სანაცვლოდაც ერთ-ერთი მეწარმისგან მიიღო სამშენებლო მასალა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული „რ.ხ.“ ინფორმაციას აწვდიდა მეწარმეებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების გადაადგილებისა და კონტროლის ღონისძიებების შესახებ, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირების ფაქტების დაფარვის მიზნით.
შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე, მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, ორივე ბრალდებული დაკავებულ იქნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 338-ე და 339-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.