
რომელ ქვეყნებში გაიზარდა საქართველოდან ესპორტი
20/12/2022 09:05:00 ეკონომიკა
2022 წლის 11 თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17.018 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 32.2%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 5.037 მლრდ დოლარი იყო.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მიერ საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 31.8%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
2022 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.9% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულს ჩინეთი (660.7 მლნ დოლარი), რუსეთი (597.9 მლნ დოლარი) და აზერბაიჯანი (595.5 მლნ დოლარი) წარმოადგენენ.
ამ პერიოდის განმავლობაში ექსპორტი რეკორდულად პერუსთან გაიზარდა და ის საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის მოხვდა. საქონლის რეალიზაცია 11 თვეში მნიშვნელოვნად ყაზახეთსა და სომხეთშიც გაიზარდა.
ჯამში, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი უკრაინის გარდა, ყველა უმსხვილეს პარტნიორთან გაზრდილია. ამის მიუხედავად, უკრაინა ტოპ-ექსპორტიორი ქვეყნად რჩება, თუმცა მეხუთე ადგილიდან მერვეზე გადაინაცვლა.
TOP-10 საექსპორტო ქვეყანა:
- 1. ჩინეთი - 660.7 მლნ დოლარი, ზრდა - 16.1%;
- 2. რუსეთი - 597.9 მლნ დოლარი, ზრდა - 8.9%;
- 3. აზერბაიჯანი - 595.4 მლნ დოლარი, ზრდა - 21.9%;
- 4. სომხეთი - 495.6 მლნ დოლარი, ზრდა - 119.5%;
- 5. თურქეთი - 409.7 მლნ დოლარი, ზრდა - 40.2%;
- 6. ბულგარეთი - 395.5 მლნ დოლარი, ზრდა - 62.5%;
- 7. აშშ - 262.1 მლნ დოლარი, ზრდა - 69.2%;
- 8. უკრაინა - 221.7 მლნ დოლარი, კლება - 20.3%;
- 9. ყაზახეთი - 200.5 მლნ დოლარი, ზრდა - 137.1%;
- 10. პერუ - 135.7 მლნ დოლარი, ზრდა - 896.7%;
დანარჩენი ქვეყნების მიმართულებით ექსპორტი 14.9%-ით გაიზარდა და 1 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.