
გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი დააკავეს
20/12/2022 10:06:52 სამართალი
ბათუმში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი პირი დააკავა.
34 წლის სოსო სირაბიძე საგამოძიებო სამსახურშია გადაყვანილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე გიორგი კირთაძეც იმყოფება.
"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი კირთაძეს 19 დეკემბერს ტელეკომპანია "ფორმულის" პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს, უცნობმა პირმა კვერცხები ესროლა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.