
ავსტრიის ელჩი: „მადლიერები ვართ დაპირებისთვის, რომ საქართველო იქნება ფხიზლად, რათა ქვეყნის ტერიტორია არ იქნას გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის“
20/12/2022 11:13:49 ევროპა, პოლიტიკა
საქართველოში ავსტრიის ელჩ თომას მიულმანის განცხადებით, მიიღო დაპირება, რომ საქართველო იქნება ფხიზლად, რათა ქვეყნის ტერიტორია არ იქნას გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის.
„არ უნდა დაგვავიწყდეს ის დრამატული მოვლენები, რამაც მიგვიყვანა ევროკავშირში წევრობის განაცხადის დაჩქარებამდე, რადგან საქართველოს ხელისუფლება 2024 წელს აპირებდა განაცხადის შეტანას. ეს არის უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი რუსული აგრესია. ევროკავშირმა უპრეცედენტო სანქციები დავაწესეთ და საქართველოს როლს ძალიან ვაფასებთ სანქციების მხარდაჭერაში. საქართველოს მთავრობამ თქვა, რომ არ დააწესებდა ორმხრივ სანქციებს, მაგრამ ჩვენ მადლიერები ვართ იმ დაპირებისთვის, რომ საქართველო იქნება ფხიზლად, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მსგავსი გამოცდილება ჰქონდა 2008 წელს, ქვეყნის 20% არ არის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ და შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ძალისხმევის მხარდაჭერას, მათ შორის საერთაშორისო ფორუმებზე და ჩვენ ვიქნებით კვლავ აქტიურები მათ შორის ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საშუალებით“, - განაცხადა ელჩმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ავსტრიის საგარეო პოლიტიკისა და საქართველოსთან ურთიერთობის თემაზე გამართული მოსმენისას.
ის შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსაც:
„ჩვენ ვსაუბრობდით ასოცირების შეთანხმებაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ასოცირება. ჩვენ ახლა უკვე სხვა ლოგიკა გვაქვს –ვსაუბრობთ გაფართოების ლოგიკაზე. რაც შეეხება წევრობის განაცხადს, თქვენ მოლდოვა და უკრაინასთან ერთად შეიტანეთ საკმაოდ სწრაფად, დაჩქარებულად, ევროკავშირში განაცხადი და გასაოცარია, რომ ევროკავშირმა უკვე ორჯერ მოახერხა შეკრებილიყო და კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება გაეკეთებინა“,– თქვა ელჩმა, თუმცა იქვე გააგრძელა, რომ „მეტისმეტად ოპტიმისტები“ არ უნდა ვიყოთ პროცედურის მხრივ, რომ ეს არის გრძელვადიანი, დიდი გზა.
„ავსტრიას ბევრი წელი დასჭირდა, რათა ადაპტირებულიყო ევროპულ სტანდარტებთან. საქართველოს მხრიდან ნამდვილად ბევრი სამუშაოა საჭირო, მაგრამ ვფიქრობ, კარგი დღის წესრიგი გაქვთ“.
მან ავსტრიის მაგალითზეც გაამახვილა ყურადღება, მათ შორის განხვავებულ მიდგომებზე:
„თითქმის, 10 წელი დაგვჭირდა. ჩვენ ისე სწრაფად არ ვპროგრესირებდით როგორც გვსურდა, მაგრამ წინსვლა გვქონდა. ავსტრიის პოლიტიკური აზროვნება და მიდგომებიც შეიცვალა. წლების განმავლობაში გვყავდა მემარცხენე, მემარჯვენე მთავრობები, მაგრამ, ამ კონკრეტულ პერიოდში, ჩვენმა პარტიებმა გადაწყვიტეს დიდი კოალიცია შეექმნათ, რომ რეალურად წინსვლა ყოფილიყო და ეთანამშრომლათ. არ იყო ადვილი, განსაკუთრებით, სოციალ -დემოკრატები ყოყმანებდნენ. ჩვენი მიდგომის ადაპტირება მოვახერხეთ და ევროკავშირში მოვიპოვეთ ჩვენი ადგილი. ასეთი იქნება თქვენი მომავალი, გისურვებთ წარმატებას, მაგრამ არამხოლოდ წარმატებას, არამედ დაგეხმარებით თუ შეგვიძლია“.