
ნოემბერში რუსეთმა უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე 100 000-ზე მეტი პასპორტი გასცა
20/12/2022 12:54:21 ევროპა
რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2022 წლის ნოემბერში გასცა 100 000-ზე მეტი პასპორტი უკრაინის ანექსირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებზე, ნათქვამია დეპარტამენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ამ ცნობის მიხედვით, რუსული დოკუმენტები მიიღეს დონბასის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს იმ რეგიონების მკვიდრებმა, რომლებიც კიევის ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამ დროისთვის არ კონტროლდება.
თუ პირს პასპორტის აღება სურს, მოქალაქეობის მიღების პროცედურას არ გადის, მხოლოდ ფიცს დებს.
მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ეს რეგიონები ოფიციალურად გამოაცხადა ანექსირებულად, სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეებად ცნობდა.
მანამდე უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში „ანექსირებული ყირიმის მაცხოვრებლების იძულებითი პასპორტიზაციისთვის“. კიევმა ასევე განაცხადა, რომ არ აღიარებს რუსულ დოკუმენტებს, რომლებიც გაცემულია ნახევარკუნძულის მოქალაქეებზე.
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსული „იძულებითი პასპორტიზაცია“ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის დაახლოებით 90%-ს შეეხო. უფლებადამცველებმა აღნიშნეს, რომ ყირიმიდან ყველაზე ხშირად აძევებენ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებსაც რუსული პასპორტი არ აქვთ მიღებული.
„პასპორტიზაციის“ პრაქტიკა ასევე ინტენსიურად გამოიყენება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც, სადაც ეფექტურ კონტროლს რუსეთი ახორციელებს.