რა თქვეს ზელენსკიმ და ბაიდენმა ისტორიული შეხვედრის შემდეგ - მთავარი გზავნილები

22-12-2022 09:58:20 მსოფლიო

თეთრ სახლში აშშ–ისა და უკრაინის პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

რა თქვა ზელენსკიმ

შესავალ სიტყვაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პრეზიდენტ ბაიდენს და ამერიკელ ხალხს გაწეული დახმარებისთვის. მან გამოთქვა იმედი, რომ მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძლედება.

"ამ საქმეზე დახარჯული თითოეული დოლარი გლობალურ უსაფრთხოებას ამყარებს",- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის მთავარი ამოცანა ზამთარის გადატანაა.

"ეს ჩვენი გადარჩენის საკითხია", – დასძინა მან.

ზელენსკის თქმით, იგო დარწმუნებულია, რომ უკრაინის თავდაცვითი საშუალებები გაიზრდება, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეფექტური საჰაერო თავდაცვის შექმნაში.

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება, გამოიყურებოდეს სამართლიანი მშვიდობა, ზელენსკიმ შემდეგი განაცხადა:

"ჩემთვის როგორც უკრაინის პრეზიდენტისთვის სამართლიანი მშვიდობა ნიშნავს ნულოვან კომპრომისს ქვეყნის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით".

რა თქვა ბაიდენმა

ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ–ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია.

"ბატონო პრეზიდენტო, ამერიკელი ხალხისთვის და მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია პირდაპირ თქვენგან მოისმინონ უკრაინის ბრძოლის და 2023 წლის განმავლობაში კვლავაც ერთად დგომის საჭიროების შესახებ", – მიმართა პრეს–კონფერენციის გახსნისას ბაიდენმა ზელენსკის.

მისი თქმით, როცა ზელენსკი მზად იქნება მოსკოვთან მოლაპარაკების გამართვისთვის, იგი შეძლებს "წარმატების მიღწევასაც, რადგან მას უკვე წარმატება ექნება ბრძოლის ველზე".

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, აღელვებს თუ არა მას უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის ერთობა, ბაიდენმა განაცხადა, რომ კოალიციის ჩამოშლის საფრთხეს ვერ ხედავს.

ბაიდენმა ისაუბრა დახმარებაზე, რომელიც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში აღმოუჩინეს და აშშ–ის დახმარების ახალ პაკეტზე, რომელიც 1.85 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

მისი თქმით, Patriot-ს ტიპის სისტემა უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება, თუმცა მისი გამოყენებისთვის წვრთნას შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ Patriot-ს სისტემა ემსახურება თავდაცვით და არა ესკალაციის მიზნებს. ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დახმარება გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.

ბაიდენის თქმით, "პუტინი ამ სასტიკი ომის გაჩერებას არ აპირებს".

"სინათლე გაიმარჯვებს სიბნელეზე", - განაცხადა ბაიდენმა გამოსვლის ბოლოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები