ზელენსკი – კონგრესს: "უკრაინა არასოდეს დანებდება"

22-12-2022 10:23:44 მსოფლიო

ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესის წევრებს ისტორიული სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ „სირთულეებისა და ბნელი სცენარის მიუხედავად, უკრაინა სიცოცხლეს აგრძელებს“.

კონგრესში მისვლისას ამერიკელი კანონმდებლები ზელენსკის ფეხზე წამოდგომით და ხანგრძლივი ოვაციებით შეხვდნენ.

"უკრაინა არასოდეს დანებდება", მიმართა მათ ზელენსკიმ და დასძინა, რომ მიმდინარე კონფლიქტი სცდება მხოლოდ მისი ერის ბედს, რომ მისით მსოფლიოს გარშემო დემოკრატიის გამოცდა ხდება.

"ამ ბრძოლის უგულებელყოფა არ შეიძლება, იმ იმედით, რომ ოკეანე, ან რაიმე სხვა იქნება დამცველი", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ კონგრესისთვის მიმართვისას, ასევე აღნიშნა, რომ მათ მიერ გაწეული ფინანსური დახმარება, არ არის ქველმოქმედება, არამედ ინვესტირებაა დემოკრატიაში. მან მოუწოდა კონგრესს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერონ:

"თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში, რომელსაც ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით".

გამოსვლის ბოლოს ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებს გადასცა უკრაინის დროშა ბრძოლის ველიდან, რომელიც, მისი თქმით, მას ბახმუტში მისცეს მებრძოლებმა. ზელენსკი ბახმუტში იმყოფებოდა აშშ-ში გაფრენამდე ერთი დღით ადრე.

"როგორც გულადი ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებმაც სიცოცხლე დათმეს და 1944 წლის შობაზე ჰიტლერის ძალებს შეებრძოლნენ, გულადი უკრაინელი ჯარისკაცები იმავეს აკეთებენ წლევანდელ შობაზე", - განაცხადა ზელენსკიმ.

კონგრესის წევრები ზელენსკის ფეხზე წამოდგომით, ოვაციებით და ხელის ჩამორთმევით ესალმებოდნენ, რამდენიმე მათგანს უკრაინის დროშის ფერების, ლურჯი და ყვითელი სამოსი ეცვა.

ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც თებერვალში მის ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა. კონგრესში მისვლამდე ზელენსკი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები