
ადვოკატი: "სააკაშვილი ცუდად გახდა, გამოიძახეს ექიმი, ამ ეტაპზე უარს ამბობს ჩართვაზე"
22/12/2022 08:31:57 პოლიტიკა, სამართალი
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო სხდომას დისტანციურად ამ ეტაპზე ვეღარ დაესწრება.
ხაჭაპურიძემ სხდომაზე თქვა, რომ ექს–პრეზიდენტი შეუძლოდ გახდა, რის გამოც გამოიძახეს ექიმი:
"ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, გახდა ცუდად და აქედან გამომდინარე, ექიმიც იქნა გამოძახებული და ამ ეტაპზე, უარს აცხადებს ჩართვაზე. მაგრამ თუ პენიტენციური სამსახური მოახერხებს, ჩართავს, არ ვიცი, შესაძლოა სიტუაცია გაუმჯობესდეს და მან მოისურვოს ჩაერთოს პროცესს".
მანამდე, ექს–პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მოუწოდა სააკაშვილს, ეჩვენებინა სასამართლოსა და საზოგადოებისათვის, თუ რეალურად რა მდგომარეობაშია, და სთხოვა, წამომდგარიყო, პერანგი გაეხადა და სხეულის დაზიანებები ეჩვენებინა:
„მინდა ბატონ მიხეილ სააკაშვილს მივმართო, წამოდგეს, აიწიოს პერანგი და ვიზუალურად საზოგადოებამ შეხედოს და თქვენც, ბატონო მოსამართლე, შეხედოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. ეს არის დაახლოებით აზოვის ბატალიონის ბიჭები რომ გამოუშვეს, იგივე მდგომარეობა. ვნახოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება და დავაკმაყოფილოთ საზოგადოების ინტერესი. ვნახოთ, 8-თვიანი მკურნალობის შედეგი, რომელსაც ასე „წარმატებით“ ეწევა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი“.
თავის მხრივ, შალვა ხაჭაპურიძის მიმართვაზე, მოსამართლე გიორგი არევაძემ აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ჩართვის დროს „გაშიშვლებას დაიწყებდა“, მას გათიშავდნენ და პროცესში მონაწილეობის მიღების უფლებას აღარ მისცემდნენ.
„სურვილის შემთხევევაში წამოდგეს, გახდის შემთხვევაში თუ გაშიშვლებას დაიწყებთ, გამოგრთავთ და აღარ მიგაღებინებთ მონაწილეობას“,- განაცხადა მოსამართლემ.
ამის შემდეგ სააკაშვილმა სასამართლოს უკრაინულად მიმართა. „ბატონო მიხეილ, ქართულად ბრძანეთ“, – მიმართა მას მოსამართლე გიორგი არევაძემ, თუმცა სააკაშვილმა უპასუხა, რომ იგი უკრაინის მოქალაქეა.
ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მოსამართლეს მოუწოდა, მოიყვანონ თარჯიმანი, თუმცა მოსამართლემ თქვა, რომ სააკაშვილი საუბრობს ქართულად, სასამართლო ქართულ ენაზე მიმდინარეობს და მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა კვლავ უკრაინულად განაგრძო საუბარი, იგი პირდაპირი ეთერიდან გამორთეს.
სასამართლო პროცესი დროებით შეჩერდა.
მოგვიანებით, მოსამართლემ განაცხადა, რომ შესვენება გამოცხადდა, რადგან ინტერნეტის ტექნიკური ხარვეზის გამო გაწყდა კავშირი, და პენიტენციური სამსახური მუშაობს ხარვეზის აღმოფხვრაზე.
ამ დროისთვის სასამართლო პროცესი გრძელდება.
სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ექს–პრეზიდენტს საზრვარგარეთ მკურნალობა სჭრიდება.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პენიტენციური სამსახური "სიმულაციის დასადგენად" მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო "ვივამედში" გადაღებულ კადრებზე, რომლებიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.