
"მთავარი თავსატეხია, როგორ მოვახერხოთ, რომ სასამართლო პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს, მეორე მხარე ცდილობს, ხელოვნურად გააჭიანუროს"
22/12/2022 16:28:21 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის პოზიცია მიმართულია იქითკენ, რომ „ხინჯი მოუძებნონ“ საექსპერტო დასკვნას და თქვან, რომ სიმულაციაა.
როგორც ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხზე გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა მთავარი საკითხი ისაა, რომ აღნიშნულ საქმეზე პროცესები ყოველდღიურად ჩატარდეს.
„სასამართლოზე გამოცხადდა ბატონი გოლდსმიტი, ამერიკელი ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა დასკვნაში გაცემული დიაგნოზი - დაუზუსტებელი დემენცია. მეორე მხარის პოზიცია მიმართული იმისკენ კი არ იყო, გარკვეულიყო ამ დიაგნოზის სიზუსტე, რათა შემდეგ ქმედითი ღონისძიება გატარდეს, არამედ იყო უსუსური მცდელობა, რამენაირად ხინჯი მოეძებნათ საექსპერტო დასკვნისთვის და ეთქვათ, რომ ეს იყო სიმულაცია. მთავარი თავსატეხი არის ის, როგორ მოვახერხოთ, რომ ეს პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს და ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ. ვთქვით, რომ გარკვეული მოწმეები შეიძლება მოგვეხსნა, მეორე მხარე კი მოვიდა და ბადრაგები, ლამის დამლაგებლები და ვინ არ ჩაწერეს. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ პროცესი ხელოვნურად გააჭიანურონ“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.