
ლავროვი ფაშინიანის წინადადებით უკმაყოფილოა
23/12/2022 16:14:59 კავკასია
კითხვებს ბადებს მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის გაერო-ს, ეუთო-ს, ან ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მისიებით ჩანაცვლების იდეა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თუ ვინმეს სჯერა, რომ გაერო-მ, ეუთო-მ, რომელიმე ფაქტების დამდგენი მინსკის ჯგუფმა უნდა ჩაანაცვლოს რუსული სამშვიდობო კონტინგენტი, მაშინ სულ მცირე, ორიოდე კითხვა ჩნდება: ამისათვის საჭიროა მხარეთა თანხმობა. უპირველეს ყოვლისა, აზერბაიჯანსა და სომხეთში, თუ არის ასეთი ინტერესი და თუ ეს არის სერიოზული ინტერესი, მაშინ, ალბათ, ეს პირველ რიგში უნდა შევთავაზოთ მათ, ვინც მიიღო გადაწყვეტილება რუსული სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნის შესახებ და გამოთქვა აზრი მის სასარგებლოდ“, - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, თუ ასეთი განცხადება გაკეთდება „მიკროფონის საშუალებით“, მაშინ ეს უნდა განიხილებოდეს როგორც საჯარო პოზიცია.
***
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვის გამო რუსეთი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ლაჩინის დერეფანს უწოდებენ ერთადერთ გზას, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.
მთავრობის სხდომაზე მან ბაქო ხსენებული დერეფნის "უკანონო ბლოკირებაში" დაადანაშაულა, მოსკოვი კი გააკრიტიკა იმის გამო, რომ რუსი "მშვიდობისმყოფელები" სამმხრივი (სომხეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი) შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს "ფაქტობრივად არ ასრულებენ".
2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-6 პუნქტის თანახმად, ლაჩინის დერეფანი რუსეთის ფედერაციის ყარაბაღში დისლოცირებული "სამშვიდობო კონტინგენტის" მიერ უნდა გაკონტროლებულიყო, აზერბაიჯანი კი იღებდა ვალდებულებას, დერეფნის გავლით მოქალაქეების, ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების უსაფრთხოება ყოფილიყო გარანტირებული.
"მე-6 პუნქტი სადღეისოდ ფაქტობრივად არ მუშაობს. დე-ფაქტოდ გამოდის, რომ რუსული "სამშვიდობო კონტინგენტი" არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. რა თქმა უნდა, მსგავსი რამ აზერბაიჯანის უკანონო ქმედებების გამო ხდება, მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის: რუსი "სამშვიდობოების" ძირითადი ამოცანა ხომ მსგავსი უკანონობის არდაშვება უნდა ყოფილიყო, კერძოდ, ლაჩინის დერეფნის კონტროლი", - განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელმაც დერეფნის ბლოკირებას "მკაფიო შეფასება" მისცა და ამავდროულად, ყარაბაღის მიმართულებითა და ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით "აქტიური მუშაობისკენ" მოუწოდა "გაერო-ს ან ეუთო-ს მისიებს, ანდაც ეუთოს ფაქტების დამდგენ მინსკის ჯგუფს".
ფაშინიანის თქმით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულს საკუთარი წინადადებები გადასცა სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე და მზადყოფნა გამოთქვა, ამ შინაარსით დოკუმენტს ხელი მოაწეროს. "ვიმედოვნებ, აზერბაიჯანის რეაქცია დადებითი იქნება" - დასძინა მან.
- 12 დეკემბერს ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანის მოქალაქეთა საპროტესტო აქციის გამო ჩაიკეტა, რომლებიც ყარაბაღიდან სასარგებლო წიაღისეულის გატანის შეჩერებას მოითხოვენ.
- 13 დეკემბერს აზერბაიჯანმა სომხეთიდან ყარაბაღში გაზის მიწოდება გადაკეტა.
- 14 დეკემბერს სომხეთმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა სასარჩელო მოთხოვნით, ბაქოსთვის დერეფნის განბლოკვა დაეკისრებინა.
- ევროსასამართლომ განაცხადა, რომ სერიოზული შეშფოთებით ადევნებს თვალს ლაჩინის დერეფნის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.