"უნდა ვიმოქმედოთ!": პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს
23/12/2022 16:50:36 პოლიტიკა
თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და მისი შეწყალების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე შეკრებილი არიან სააკაშვილის ოჯახის წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ნაწილი და მხარდამჭერები .
დემონსტრაციის ორგანიზატორი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაგრძელდება მანამ, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს.
„უნდა ვიმოქმედოთ. მოვედით აქ იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და გადაარჩინოს როგორც მისი სიცოცხლე, ასევე საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი“, – თქვა მუმლაძემ და დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილს "პატიმრობაში ყოფნის ყოველი დღე აახლოებს სიკვდილთან“.
აქციის მონაწილეები ღაით პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან დარჩებიან და განიხილება კარვების გაშლის ვერსიაც.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენჯერმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს. ამასთან, ის ამბობდა, რომ სააკაშვილი მიჩნეულ უნდა იქნას განსაკუთრებულ პატიმრად და ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღოს მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. თუმცა 2022 წლის 21 ნოემბერს BBC-ის კითხვას, იმ შემაშფოთებელი შეფასებების ფონზე, რაც ექიმების კონსილიუმს ჰქონდა ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე, რატომ არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს, როდესაც ამის ძალა აქვს,პრეზიდენტმა უპასუხა:
„მე არა მაქვს ეს ძალა. ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო: განაჩენის გამოტანის პროცესი დასრულებული არ არის, მას კვლავ ასამართლებენ და, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეწყალება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ყველაფერი დასრულებულია“.
დამაზუსტებელ კითხვაზე, რომ შეეძლოს, შეიწყალებდა თუ არა მას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:
„ეს სხვა საკითხია. მე არაერთხელ განმიმარტავს საქართველოში, რატომ არ გავაკეთებდი ამას – იმიტომ, რომ ეს ძალიან ძლიერი მაპოლარიზებელი ფაქტორია“…
იხილეთ ასევე: ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი


