Accentnews.ge
„კადიროველებმა“ ყირიმში სკანდალი მოაწყვეს

„კადიროველებმა“ ყირიმში სკანდალი მოაწყვეს

27/12/2022 07:06:12 ევროპა

ანექსირებულ სიმფეროპოლში, "ახმატის" ჩეჩნური რაზმის ხუთმა ოფიცერმა, მათ შორის რაზმის მეთაურის მოადგილემ ხასან იბრაგიმოვმა, სცემეს ღამის კლუბის სტუმრები, – იუწყებიან მედიასაშუალებები და ადგილობრივი ტელეგრამ–არხები.

თვითმხილველების თქმით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „კადიროველებმა“, რომლებიც ყირიმში ჩავიდნენ აღმოსავლეთ უკრაინიდან და ისვენებდნენ სიმფეროპოლის კლუბში „მონრო“, იქცეოდნენ გამომწვევად და აშინებდნენ დაწესებულების სხვა სტუმრებს, ხოლო ხასან იბრაგიმოვი უცნობ გოგოს აეკიდა. ქალის დაცვა მისმა მეგობარმა კაცმა სცადა, რომელიც იბრაგიმოვის თანმხლებმა პირებმა ქუჩაში გაათრიეს და სცემეს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს თვითმხილველებმა, თუმცა „კადიროველები“ მათაც შეებრძოლნენ. „ახმატის“ ერთ-ერთმა წევრმა წიხლები ურტყა პოლიციელს.

მოგვიანებით „მონროს“ კლუბში რუსეთის გვარდიის რამდენიმე რაზმი მივიდა, რის შედეგადაც ხუთი „კადიროველი“ - ხასან იბრაგიმოვი, არტურ აბდულაევი, სულამბეკ ტადუშაევი, მაგომედ ტოვსულთანოვი და შამილ აზიზოვი - დააკავეს და გადაიყვანეს საგამოძიებო განყოფილების შენობაში.

როგორც იუწყებიან, საგამოძიებო კომიტეტმა დაიწყო მოკვლევა სამართალდამცავების მიმართ ძალადობის ფაქტზე.

ამავე დროს, ჩეჩნეთის ხელისუფლება უარყოფს როგორც თავად ინციდენტს, ასევე „ახმატის“ ოფიცრების დაკავებას. ჩეჩნეთის საგარეო ურთიერთობათა მინისტრის ახმედ დუდაევის თქმით, „ყველაფერი, რასაც მედია წერს, სიმართლეს არ შეესაბამება – არავის დაუწერია განცხადება ვინმეს წინააღმდეგ, არავინ დაუკავებიათ, ეს არის საშინაო ინციდენტი, რომელიც ადგილზე ამოიწურა“. მსგავსი განცხადება მოგვიანებით „ახმატის“ რაზმის მეთაურის მოადგილემ ხასან იბრაგიმოვმაც გააკეთა.

დეკემბერში ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა „ახმატის“ მეთაურის მოადგილე ხასან იბრაგიმოვი დანიშნა თავის „წარმომადგენლად“ რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. მანამდე კადიროვმა და რუსეთის გვარდიის უფროსმა ვიქტორ ზოლოტოვმა იბრაგიმოვი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

უკრაინაში „ახმატის“ მებრძოლები ეჭვმიტანილები არიან მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, რაზმის მეთაურმა იზნაურ მუსაევმა და მისმა ქვეშევრდომებმა, რუსეთის შემოჭრის დასაწყისში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეიდები განახორციელეს. ერთ-ერთი ასეთი რეიდის დროს, მუსაევმა განზრახ ესროლა თავის არეში ხუთ მშვიდობიან მოქალაქეს პისტოლეტიდან. მათგან ორი ქალი და სამი მამაკაცი იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S