
„რუსები ენერგოდარის მაცხოვრებლების ყირიმში ევაკუაციისთვის ემზადებიან“
27/12/2022 13:03:47 ევროპა
ენერგოდარის რუსეთის მიერ დანიშნული საოკუპაციო ხელისუფლება ქალაქის მაცხოვრებლების ყირიმის ტერიტორიაზე ევაკუაციას გეგმავს, – იტყობინება უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი.
„დამპყრობლები ენერგოდარიდან ევაკუაციისთვის ემზადებიან. ამისთვის რუსების მიერ დატყვევებულმა ადგილობრივმა ატომურმა ელექტროსადგურმა ავტობუსები უნდა მოამზადოს. დაგეგმილია ხალხის გადაყვანა ჯანკოიში (ყირიმი). თავიდან ევაკუაცია ნებაყოფლობითია, მაგრამ როგორც წესი, შემდეგ ოკუპანტები იძულებით გამოსახლებას ახორციელებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის განცხადებით, რუსები „განზრახული აქვთ შეცვალონ მოსახლეობის დემოგრაფიული შემადგენლობა და შექმნან პროპაგანდისტული სურათი უკრაინიდან „გაქცეული“ მოსახლეობის შესახებ.
დეკემბრის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთს გაჰყავდა ცალკეული ნაწილები და ემზადებოდა ზაპოროჟიეს რეგიონის დასახლებების საოკუპაციო ადმინისტრაციების პერსონალის ევაკუაციისთვის.
კრემლმა უარყო, რომ რუსული ჯარები ემზადებიან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 28 ნოემბერს განაცხადა, რომ სადგური „იყო და დარჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ“.
4 მარტიდან ევროპაში უდიდესი ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური და ენერგოდარი რუსეთის ჯარების ოკუპაციის ქვეშაა. რუსეთი უარს ამბობს სადგურის ირგვლივ დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე, როგორც ეს გაეროს მიერ არის შეთავაზებული.