
პეტერბურგში პუტინის, ფაშინიანისა და ალიევის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა
27/12/2022 14:32:28 კავკასია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან მოლაპარაკება გამართა,– იუწყება რუსული სახელმწიფო მედია.
ამავე წყაროების ცნობით, სამმხრივი შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში, დსთ-ს წევრი ქვეყნების არაფორმალური სამიტის ფარგლებში გაიმართა.
მოგვიანებით პუტინმა თქვა, რომ ფაშინიანსა და ალიევთან ერთად სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დარეგულირების საკითხი განიხილეს.
„ჩვენ გუშინ საღამოს დავიწყეთ საუბარი და სამივემ შევძელით ლაპარაკი. ცხადია, მთავარი საკითხი არის სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დარეგულირება, ზოგადად, და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ყარაბაღთან“, – განაცხადა პუტინმა.
თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ „სომხეთისთვის ახლა მთავარ და ოპერატიულ საკითხს წარმოადგენს ე.წ. ლაჩინის დერეფანში არსებული კრიზისი.“ მან ღიად წაუყენა პრეტენზიები ვლადიმირ პუტინს რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებით.
„თქვენ იცით, რომ თითქმის 20 დღეა ის [დერეფანი– რედ.] გადაკეტილია. ეს არის რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის არეალი მთიან ყარაბაღში. მინდა, შეგახსენოთ, რომ სამმხრივი შეთანხმების მიხედვით [2020 წლის ნოემბერის . რუსეთის შუამავლობით შედგა სომხეთ–აზერბაიჯანს შორის – რედ.], ლაჩინის დერეფანი უნდა იყოს რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკისგან გარანტირებული უნდა იყოს მგზავრებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილების ლაჩინის დერეფნის გასწვრივ. გამოდის, რომ ლაჩინის დერეფანი არ არის რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ“, - განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ სიტუაციიდან გამოსავლის გზებზე განხილვას ელის.
ეს არ არის ფაშინიანის პირველი კრიტიკული განცხადება კრემლისადმი ლაჩინის დერეფანში შექმნილი ვითარების გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო მისი კრიტიკა.
- 12 დეკემბერს ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანის მოქალაქეთა საპროტესტო აქციის გამო ჩაიკეტა, რომლებიც ყარაბაღიდან სასარგებლო წიაღისეულის გატანის შეჩერებას მოითხოვენ.
- 13 დეკემბერს აზერბაიჯანმა სომხეთიდან ყარაბაღში გაზის მიწოდება გადაკეტა.
- 14 დეკემბერს სომხეთმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა სასარჩელო მოთხოვნით, ბაქოსთვის დერეფნის განბლოკვა დაეკისრებინა.
- ევროსასამართლომ განაცხადა, რომ სერიოზული შეშფოთებით ადევნებს თვალს ლაჩინის დერეფნის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.