
„რუსმა სამოქალაქო პერსონალმა დატოვა კრემენოე“: რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქალაქს
28/12/2022 11:30:23 ევროპა
რუსმა სამოქალაქო მუშაკებმა შეაჩერეს თავიანთი საქმიანობა ოკუპირებულ კრემენოეში,– იუწყება ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი 28 დეკემბერს.
„სამხედრო სარდლობა მართლაც გადავიდა სხვა დასახლებებში. ყველა რუსმა (სამუშაოდ ჩამოსულმა სამოქალაქო პირებმა, მათ შორის ექიმებმა, რემონტზე მომუშავე ჯგუფებმა და ა.შ.) შეაჩერა მუშაობა და წავიდა რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. დაწყებული სამუშაოებიც კი გაყინეს. ადგილობრივების კითხვაზე, როდის გაგრძელდება სახლების ან სხვა რამის აღდგენის სამუშაოები, კოლაბორატორები ღია ტექსტით პასუხობენ, რომ მოვლენ თქვენი ნაცისტები და ყველაფერს შეგიკეთებენო“, - განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა.
გაიდაიმ ქალაქის უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ კრემენოის მახლობლად სამი შედარებით დიდი დასახლებაა: სევეროდონეცკი, რუბეჟნოე და ლისიჩანსკი. ამავდროულად, რუსეთის ჯარებმა შეჭრის პირველი 4,5 თვის განმავლობაში პრაქტიკულად გაანადგურეს სევეროდონეცკი და რუბეჟნოე.
„აქედან გამომდინარე, ეს ქალაქები ვერ იქნება ერთგვარი საფორტიფიკაციო თავდაცვის დიდი ბაზები. ძირითადად, იქ დიდხანს დარჩენა არ შეიძლება. ამიტომ, როგორც კი დიდი ქალაქების დეოკუპაცია მოხდება, მას მოჰყვება სოფლებიც. ამიტომ, ისინი იქ დიდხანს არ დარჩებიან“, - დაასკვნა მან.
გაიდაიმ დასძინა, რომ კრემენოის პოტენციური დეოკუპაციის შემდეგ კონტრშეტევა შეიძლება, გადავიდეს სტარობელსკისკენ, რომელიც არის ლუგანსკის რეგიონის ლოჯისტიკური ცენტრი, ან სევეროდონეცკისა და რუბეჟნოსკენ. ამან, მისი აზრით, შეიძლება, დაარღვიოს რუსული ჯგუფი, რომელიც შეტევებს ახორციელებს ბახმუტზე.
გარდა ამისა, ბრიტანული დაზვერვა იუწყება, რომ ბოლო დღეებში რუსეთმა გააძლიერა სექტორი კრემენოისთან, რადგან ქალაქი უკრაინული ძალების მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.
„რუსეთმა ააშენა ახალი ძირითადი თავდაცვა ამ მხარეში და, სავარაუდოდ, პრიორიტეტს მიანიჭებს აქ ფრონტის ხაზის შენარჩუნებას. ამ ტერიტორიას დიდი ლოგისტიკური მნიშვნელობა აქვს რუსეთის დონბასის ფრონტისთვის. ის ასევე მნიშვნელოვანი ქალაქია ლუგანსკის რეგიონში. კრემლი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიის „განთავისუფლება“ ომის მთავარი გამართლებაა“, - ნათქვამია ანგარიშში.
ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ კრემენოი, რომელიც რუსებმა აპრილში დაიკავეს, დაუცველი გახდა ოქტომბერში უკრაინის ჯარების მიერ ლიმანის დეოკუპაციის შემდეგ.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსული არმია ლიმანის მიმართულებით ტაქტიკური ვითარების გაუმჯობესებას ცდილობს.