
რუსეთი ამჯერად საფრთხეს ავღანეთიდან ხედავს
22/05/2019 03:56:54 სხვა, მსოფლიო
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) უფროსის ალექსანდრ ბორტნიკოვის ინფორმაციით, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები თავს იყრიან ჩრდილოეთ ავღანეთში, ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საზღვრებთან.
განცხადება ბორტნიკოვმა 21 მაისს, ავღანეთის მოსაზღვრე ტაჯიკეთში ვიზიტის დროს გააკეთა. რუსეთი წლებია აცხადებს, რომ არსებობს ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების მოხვედრის საფრთხე.
ექსპერტების შეფასებით, რუსეთი აზვიადებს რიცხვებს, როცა ექსტრემისტების რაოდენობაზე ლაპარაკობს, რათა გაამართლოს კონტაქტები ავღანელ თალიბებთან და დაარწმუნოს ცენტრალური აზიის მთავრობები, რომ თავდაცვისათვის რუსეთის დახმარება სჭირდებათ.
ამერიკელი სამხედროების მონაცემებით, ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 2000-მდე მებრძოლი იმყოფება, ბორტნიკოვის ცნობით კი ავღანეთის ჩრდილოეთი პროვინციების მიმართულებით 5000-მდე ექსტრემისტი გადაადგილდა.
ცნობისთვის: ავღანეთში სამშვიდობო მისია ნატო–ს ეგიდით ხორციელდება. მისიაში ჩართულნი არიან ქართველი სამხედროებიც.