
საფრანგეთში ერთ-ერთი უმდიდრესი უკრაინელი ბიზნესმენი კონსტანტინე ჟევაგო დააკავეს
29/12/2022 06:35:39 ევროპა
საფრანგეთის სათხილამურო კურორტ კურშეველში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში უკრაინელი ბიზნესმენი და უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი კონსტანტინე ჟევაგო დააკავეს, – იუწყება უკრაინის გენერალური პროკურატურა.
ჟევაგო 27 დეკემბერს დააკავეს, 28 დეკემბერს კი საფრანგეთის ქალაქ შამბერის სასამართლოში მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამჟამად უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო ამზადებს დოკუმენტებს ბიზნესმენის უკრაინაში ექსტრადირებისთვის, საიდანაც ის 2019 წელს გაემგზავრა.
სამშობლოში ჟევაგო ეჭვმიტანილია კომერციული ბანკის "Finance and Credit" ქონების მითვისების ორგანიზებაში და უკანონოდ მოპოვებული დიდი ოდენობით თანხების შემდგომ ლეგალიზებაში.
„ეს საქმე აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ გენერალური პროკურატურა მუდმივ კონტაქტებს ინარჩუნებს უცხოელ კოლეგებთან და რეგულარულად თანამშრომლობს მათთან, რათა უკრაინისა თუ უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა პირი დაისაჯოს. ეს დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველას, ვისთანაც აქვს კითხვები უკრაინის სამართალდამცავ სისტემას, ადრე თუ გვიან მოუწევს პასუხის გაცემა“, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა.
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ განმარტა, რომ ჟევაგოს გარდა, აღნიშნული მუხლებით ეჭვმიტანილი იყვნენ ფინანსთა და საკრედიტო ბანკის სხვა ტოპ მენეჯერებიც. ყველა მათგანი ეჭვმიტანილია 113 მილიონი დოლარის მითვისებაში.
„დღეს ეჭვმიტანილი ოლიგარქის, ასევე მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების ქონება დაყადაღებულია“,–თქვეს უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროში.
2021 წელს Forbes-ის უკრაინულმა ვერსიამ ჟევაგო მესამე ადგილზე დაასახელა უმდიდრესი უკრაინელების რეიტინგში. 2022 წლის რეიტინგში მან მეხუთე ადგილი დაიკავა. მისი ქონება 1,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ჟევაგო იყო უკრაინის უმაღლესი რადას ექვსი მოწვევის დეპუტატი - 1998 წლიდან 2019 წლამდე.