
რუსებმა კვლავ დაბომბეს DTEK-ის თბოელექტროსადგური: ეს უკვე 22-ე თავდასხმაა კომპანიის ობიექტებზე
29/12/2022 11:58:14 ევროპა
29 დეკემბერის დილით რუსებმა უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს DTEK-ის ერთ-ერთ თბოსადგურსაც შეუტიეს.
„დღეს მტერმა კვლავ შეუტია DTEK-ის ენერგეტიკულ ობიექტს, რომელიც მანამდე რამდენჯერმე იყო დაბომბილი. დარტყმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სადგურის ტექნიკა“, - იუწყება კომპანიის პრეს–სამსახური.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სადგურის ერთ-ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ეს არის რუსეთის მიერ DTEK-ის ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორიელებული 22-ე ტერაქტი“, - ხაზგასმით აღნიშნავს კომპანია.
რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე დღეს მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 69 რაკეტიდან 54 ჩამოაგდო.
კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი, მათ შორის 14 წლის ბავშვი დაშავდა. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ლვოვის მერ ანდრი სადოვის ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის 90%-ს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს დიზელის გენერატორებით ამუშავებენ.
ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეწყდა ქალაქ ოდესაშიც.
ხარკოვში მუშაობა შეაჩერა მეტრომ. ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ ქალაქს ოთხი რაკეტა ესროლეს.
„სამიზნე არის კრიტიკული ინფრასტრუქტურა“,–განაცხადა მან.
ოდესის ოლქში რუსული რაკეტების ნამსხვრევები მოხვდა საცხოვრებელ სახლებს.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდენ.