
Ryanair-ის პერსონალის გაფიცვის გამო ბრიუსელში ასობით ფრენა გაუქმდა
30/12/2022 14:07:00 ევროპა
ბელგიელი პილოტებისა და გამცილებლების გაფიცვის გამო Ryanair-მა საახალწლო დღეებში – შაბათ-კვირას ათობით ფრენა გააუქმა, თუმცა ბილეთები ათასობით მგზავრს ჰქონდა შეძენილი,– იუწყება AFP.
30 დეკემბერს თანამშრომლებმა დაიწყეს სამდღიანი გაფიცვა, რომელიც 2 იანვრამდე გაგრძელდება.
შარლეროის აეროპორტის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ფენდონკმა სააგენტოს განუცხადა, რომ მხოლოდ 30 დეკემბრის მდგომარეობით, 48 ფრენა გაუქმდა. ჯამში, გაფიცვა გავლენას მოახდენს Ryanair-ის ფრენების 30%-სა და 22 000 მგზავრზე.
გაფიცვა არ უნდა შეეხოს ავიაკომპანიის ბაზებს სხვა ქვეყნებში.
Ryanair-ის თანამშრომლები ბელგიაში წელს რამდენჯერმე გაიფიცნენ და ამტკიცებენ, რომ კომპანია სრულად არ სცემს პატივს შრომის ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრულ მათ უფლებებს - კერძოდ, რომ ბელგიელი დასაქმებულები იძულებულნი არიან, დროდადრო იმუშაონ სხვა აეროპორტებში, სადაც კომპანია დაფრინავს. განსაკუთრებით დუბლინში, სადაც ყველაზე დიდი პრობლემებია პერსონალის დეფიციტთან დაკავშირებით. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ დამსაქმებელი სათანადოდ არ აწვდიან ინფორმაციას მათი ხელფასის თაობაზე ბელგიის სოციალური დაცვის ორგანოებს.
პროფკავშირები ასევე იმუქრებიან 7-8 იანვარს გაფიცვის მოწყობით, როდესაც ევროპა გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს დაუბრუნდება.