
კულება: "უნგრეთმა უკრაინა მძევლად აიყვანა ფულისთვის ბრძოლაში"
30/12/2022 14:35:40 ევროპა
უკრაინა ვიქტორ ორბანის მძევლად იქცა უნგრეთის პრემიერის „გაყინული“ ფინანსების მისაღებად ევროკავშირთან გაჩაღებულ ბრძოლაში,– ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
12 დეკემბერს ბლოკმა მიაღწია შეთანხმებას უნგრეთთან, გააუქმოს ბუდაპეშტის ვეტო ომით დაზარალებული უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზე. სანაცვლოდ, წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ უნგრეთისთვის მისაცემი თანხის ოდენობის შემცირებაზე (7,5 მილიარდი ევროდან 6,3 მილიარდ ევრომდე), რომელიც გაყინული იყო უნგრეთში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
"უნგრეთი საკუთარ თამაშს თამაშობს. მან უკრაინა მძევლად აიყვანა ფულისთვის ბრძოლაში, რომელიც, მისი აზრით, კომისიას ჰმართებს", - განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, არსებობს დადებითი მხარეც, რაც აღიქმებოდა ორბანის გამარჯვებად დანარჩენ ევროკავშირზე.
„სასიხარულო ამბავი ის არის, რომ კომისიამ იპოვა გზა, რათა უკრაინას ფინანსური დახმარება გაუწიოს უნგრეთის ხმის მიცემის გარეშე და ახლა ჩვენ ვიცით, რომ არსებობს გამოსავალი კრიტიკული შემთხვევებისთვის“, - თქვა მან.
მან დასძინა, რომ უკრაინა მრავალმილიარდ დოლარიანი დახმარების პაკეტის პირველ ტრანშს მომდევნო თვეში ელის, „მაგრამ რაც უფრო ადრე, მით უკეთესი“.
"ჩვენ ვაფასებთ ყველა დახმარებას, მაგრამ დროის საკითხი ყოველთვის პრობლემაა. როცა ომს აწარმოებ, ყველაფერი გუშინაა საჭირო", - განაცხადა მინისტრმა.