
რუსეთის ტყვეობაში 3 400–მდე უკრაინელი სამხედრო იმყოფება – ვერბიცკაია
30/12/2022 16:17:19 ევროპა
რუსეთის ტყვეობაში ამჟამად დაახლოებით 3 400 უკრაინელი სამხედრო იმყოფება,– ამის შესახებ BBC–ის რუსული სამსახური უკრაინაში სამხედროების უფლებებზე მომუშავე ომბუდსმენზე ალენა ვერბიცკაიაზე დაყრდნობით იუწყება.
ამასთან, მისი ცნობით, კიდევ 15 ათასამდე მებრძოლი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
„ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, რა დაემართათ მათ. შესაძლოა, ისინი მოხვდნენ სამხედრო ტყვეების რიცხვში; შესაძლოა, ისინი იძულებით გაიყვანეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან; ან შესაძლოა, ისინი დიდი ხანია, მოკლეს“, – განაცხადა ვერბიცკაიამ.
ომბუდსმენის თქმით, უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედროების ოჯახებისთვის ამგვარი გაურკვევლობა კიდევ უფრო გაუსაძლისია.
ამას გარდა, ვერბიცკაიამ განაცხადა, რომ რუსეთი უარს აცხადებს სამხედრო ტყვეებთან ბანაკებში „წითელი ჯვრის“ საქველმოქმედო მისიების დაშვებაზე და სისტემატურად არღვევს სამხედრო ტყვეების უფლებების შესახებ ჟენევის კონვენციას.