
ზელენსკი – ფრონტზე არსებულ ვითარებაზე: „არის მონაკვეთები, სადაც თანდათან მივიწევთ წინ“
30/12/2022 19:04:57 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვისას ფრონტზე შექმნილი ვითარების კომენტირებისას განაცხადა, რომ დონბასში სასტიკი ბრძოლები გრძელდება.
მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები პოზიციებს იკავებენ და ზოგიერთ რაიონში წინ მიიწევენ.
„შტაბის მორიგი სხდომა ჩავატარეთ - ეს წელს უკვე 45-ეა. მთავარი დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებია - ჩვენი დონბასი, სადაც უმძიმესი ბრძოლები გრძელდება. ბახმუტს, სოლედარს, კრემენოის... ზოგადად, პოზიციები გვაქვს. არის ფრონტის ისეთი მონაკვეთებიც, სადაც თანდათან წინ მივდივართ. მადლობას ვუხდი ჩვენს თითოეულ მებრძოლს, ვინც ამას უზრუნველყოფს. თქვენ ნამდვილი გმირები ხართ!“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტა.
ერთი დღით ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთი კვირის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა კრემენოის მიმართულებით ორ კილომეტრზე მეტით წაიწიეს წინ.