
საქსტატი – დეკემბერში ინფლაციამ 9.8% შეადგინა
03/01/2023 07:51:34 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.8 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.8%-ით განისაზღვრა.
თვიურ ინფლაციაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.7%-ით, რაც -0.31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: სატრანსპორტო მომსახურება (-2.9%), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია (-2.8%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენა (-1.5%).
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (3%), თევზეული (2.1%), რძე, ყველი და კვერცხი (1.2%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-2%) და ხილი და ყურძენი (-1.1%).
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8%-იანი მატება, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები, ძირითადად, გაიზარდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (2.1%).
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.2%-იანი მატება, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები ძირითადად მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (2.2%).
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.41 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (27.4%), პური და პურპროდუქტები (22.1%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21.4%), ყავა, ჩაი და კაკაო (18.4%), რძე, ყველი და კვერცხი (17.5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.1%), თევზეული (13.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.7%), ზეთი და ცხიმი (6.8%), ხილი და ყურძენი (6.4%).
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.8%-იანი მატება, რაც 1.58 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (37.4%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (10.9%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.1%).
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5%-ით, რაც 0.64 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (11.6%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5.2%).
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.3%-იანი მატება, რაც 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (10.8%), ისე თამბაქოს ნაწარმის (7.6%) ქვეჯგუფებზე.