უცხოეთის გარდა, სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში გაიმართა
04/01/2023 16:10:27 პოლიტიკა
უცხოეთის გარდა, საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში გაიმართა.
თბილისში საპროტესტო აქცია ორ ლოკაციაზე გაიმართა: "მშვიდობის ხიდთან" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით შეკრებილმა მოქალაქეებმა გადმოკიდეს ბანერი "თავისუფლება მიშას" და მოუსმინეს საქართველოს ჰიმნს. ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ენმ-ის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი მივიდა მხარდამჭერებთან ერთად, კანცელარიის კედელზე პროექტორით მიამატა სააკაშვილის პატიმრობამდე და პატიმრობისას გადაღებული ფოტოები და მსვლელობით გაემართა ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრის მიმართულებით.
ბათუმში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია აჭარის მთავრობის სახლის წინ გაიმართა.
ამასთან, შეკვეთილში დღეს აქცია გამართეს ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატმა აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ და მისმა მხარდამჭერებმა, რომლებიც ზღვისპირეთში ჩასვლამდე ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან იმყოფებოდნენ და აქციამ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.
დემონსტრანტები ქუთაისსა და ზუგდიდშიც შეიკრიბნენ.
საქართველს გარდა, ექს–პრეზიდენტის სოლიდარობის აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდა.


