
ნიკოლოზ სააკაშვილი - „ვივამედის“ გენდირექტორის განცხადება აღიარება და დასტურია, რომ მიშას მდგომარეობა მართლაც მძიმეა
05/01/2023 10:49:08 პოლიტიკა, სამართალი
მიხეილ სააკაშვილის მამის ნიკოლოზ სააკაშვილის განცხადებით, „ვივამედის“ გენერალური დირექტორის ნინო ნადირაძის კომენტარი, რომ კლინიკა სასამართლო პროცესებზე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურად დასწრების რეკომენდაციას ვერ გასცემს, იმის აღიარება და დასტურია, რომ „მიშას მდგომარეობა მართლაც მძიმეა და არანაირ სიმულაციას ადგილი არ აქვს“.
„მოვისმინე „ვივამედის“ გენერალური დირექტორის განცხადება იმის თაობაზე, რომ კლინიკა ვერ აიღებს თავის თავზე ნებართვის გაცემას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების თაობაზე, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგრესირებს და ის მძიმეა. ეს არის აღიარება და დასტური იმისა, რომ მიშას მდგომარეობა მართლაც მძიმეა და არანაირ სიმულაციას ადგილი არ აქვს. ამით ქალბატონმა ნადირაძემ თქვა ის, რასაც დიდი ხანია ამბობენ ექსპერტები. ყოველი წუთი ძვირფასია, დროულად გაუშვით მესამე პრეზიდენტი. გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. 9 იანვარს "ვივამედმა" ხმამაღლა უნდა აღიაროს პრეზიდენტის ჯანმრთელობის ურთულესი მდგომარეობა“, - აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი.