
"უცნობის" სიძე მერაბიშვილთან დაპირისპირების შესახებ: "მე დავიწყე, ხელით დავუპირისპირდი"
05/01/2023 17:16:36 სამართალი
თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ორ საათზე დიდი ხანის განმავლობაში გაგრძელდა მომღერალ "უცნობის" სიძის, გიორგი შარაშიძის გამოკითხვა. იგი სამართალდამცველებმა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს გამოსაკითხად.
შარაშიძეს არც პოლიციაში შესვლამდე და არც იქიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთვის არ უთქვამს, რატომ მიაყენა ვანო მერაბიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა დაადასტურა რომ მას ხელით დაუპირისპირდა.
"მე დავიწყე და მას ფიზიკურად, ხელით დავუპირისპირდი. მიზეზს რაც შეეხება, თვითონ მერაბიშვილს თუ ეყოფა ვაჟკაცობა და გამბედაობა, გვითხრას. მე არ ვაპირებ თქმას",- განაცხადა გიორგი შარაძიშემ პოლიციის სამმართველოს დატოვების შემდეგ.
მოგვიანებით მისმა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა როგორც დაპირისპირების მიზეზზე, ისე გამოკითხვის დროს დასმულ კითხვებზე ისაუბრა:
"კითხვები ეხებოდა იმ ინციდენტს, რომელიც მოხდა "ავერსის" აფთიაქში, 2023 წლის 2 იანვარს. მოკლედ რომ ვთქვათ, სიტუაცია იყო ასეთი - გიორგი შევიდა ჯერ მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად თავისი სახლის წინ, შემდეგ იქვე მდებარე აფთიაქში, სადაც ვანო მერაბიშვილი შენიშნა, ამ დროს აფთიაქის ტერიტორიაზე ერთი ქალბატონი იმყოფებოდაო. ის ამ დროს ტელეფონზე საუბრობდა, ბიძისთვის წამლების შეძენა უნდოდა. გამოძიება იმითაც დაინტერესდა კონკრეტულად რა წამლები უნდა შეეძინა, მან უთხრა ამ წამლების შესახებ. შემდეგ გიორგიმ დააზუსტა ვანო მერაბიშვილი ხარო? და მან კიო, დაუდასტურა, როგორც აღმოჩნდა გიორგი და ბუტა რობაქიძე ბავშვობიდან მეგობრები იყვნენ, 9 წლის ასაკიდან და მან გაახსენა, რომ ბუტას მეგობარი ვარო და ჰკითხა, თუ გახსოვს ბუტა რობაქიძეო, რაზეც ვანო მერაბიშვილს უპასუხია - რაღა დროს ბუტააო. ამაზე გაღიზიანებულმა გიორგიმ მას მოუქნია ხელი, თუმცა ხელი დაზიანებული ჰქონდა, შეხვეული ჰქონდა, მყესი ჰქონდა დაზიანებული. რამდენიმე ხელის მოქნევის დროს კონკრეტულად სხეულის რა ნაწილში მოხვდა ვანო მერაბიშვილს, ამ დეტალებს ეკითხებოდა გიორგის გამოძიება. კონკრეტულად, გიორგიმ ვერ გაიხსენა რა ნაწილში მოხვდა, შემდეგ გაქცეულა, წიხლი ამოუქნევია, ალბათ კამერებში გამოჩნდება ყველაფერი, როცა ამოიღებენ ამ ჩანაწერებს. ამის შემდეგ გაიქცა ვანო მერაბიშვილიო, როგორც გიორგი ამბობს და მას არ გაკიდებია გიორგი, უბრალოდ რაღაც შეურაცხმყოფელი სიტყვები მიაძახა, როდესაც მანქანას მიუახლოვდა მერაბიშვილი საჭესთან დაჯდა და წავიდაო. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის დაზიანება აქვს მიყენებული ვანო მერაბიშვილს, ან აქვს თუ არა საერთოდ დაზიანება. ვანო მერაბიშვილი, როგორც მე ვიცი, გამოკითხვაზე დაბარებულია და თუ ის იტყვი, რომ მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, გამოძიება 126-ე მუხლით გაგრძელდება. თუ ის იტყვის, რომ ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, რეალურად, უკვე დანაშაულის ნიშნები აღარ იქნება და ჩემი ვარაუდით უნდა შეწყდეს გამოძიება".
გამოძიებას ჯერ არ დაუკითხავს ვანო მერაბიშვილი. გამოძიება ძალადობის მუხლით სამართალდამცველებმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაიწყეს.