
ამერიკელი ექიმი: "სააკაშვილს ბევრი შეუსაბამო მედიკამენტი დაუნიშნეს"
09/01/2023 09:24:24 პოლიტიკა, სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მოწმის სახით კალიფორნიელ ექიმს შაჰინ ლახანიას კითხავენ.
ექიმმა პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას თქვა, რომ "მიხეილ სააკაშვილი სერიოზულად ავადაა".
მისი თქმით, სააკაშვილს აწუხებს სხვადასხვა დისფუნქციები, მათ შორის ყველაზე მძიმეა დემენცია, რომელიც მას აქვს.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილს ბევრი შეუსაბამო მედიკამენტი დაუნიშნეს.
"ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ ის სერიოზულად არის ავად. მას აწუხებს სხვადასხვა დისფუნქციები, მათ შორის ეს არის თავის ტვინის, ზურგის ტვინის, საჭმლის მომნელებელი სისტემის. ყველაზე მძიმე დიაგნოზია დემენცია, რომელიც მას აქვს, ასევე კრუნჩხვები. ასევე პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, რომელიც ართულებს მისთვის სიარულის ფუნქციის განხორციელებას. ასევე ხერხემლის სვეტის, კისრის მიდამოში მალებს შორის დისკების მხრიდან ზურგის ტვინის კომპრესი, ანუ ზურგის ტვინზე ზეწოლა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და ასევე მასთან დაკავშირებით ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას. ეს არის ყველაზე სერიოზული სამედიცინო მდგომარეობები იმათ შორის, რომელიც მას აქვს", –განაცხადა ექიმმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია იმართება.