
8 წლის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე 4 კაცს პატიმრობა მიუსაჯეს
10/01/2023 09:40:04 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ საგარეჯოს რაიონში, სოფელ ლამბალოში მცხოვრები 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე 4 კაცს პატიმრობა მიუსაჯა. 2022 წლის 16 სექტემბერს 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალზე სქესის ნიშნით იძალადეს და დამამცირებლად მოექცნენ - ამ ფაქტიდან ორ დღეში ამ მიზეზით ქალმა თავი მოიკლა.
"მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ბრალდებულები მიიჩნევდნენ რა, რომ დაზარალებული, ქალისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდა, იგი ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მიიყვანეს. ბრალდებულები დაზარალებულს სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო იგი უნდა დასჯილიყო", - აღნიშნულია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით). მათ 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
პროკურატურამ ამ საქმეზე ბრალი სამ კაცს ძალადობიდან თითქმის 8 წლის შემდეგ წაუყენა. ამ საქმეზე ბრალი წაყენებული აქვს სულ ხუთ კაცს, მათგან ერთის საქმეს ნაფიცმსაჯულთა სასამართლო განიხილავს.