Accentnews.ge
„ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

22/05/2019 06:08:01 სხვა, საზოგადოება

„ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„აქცენტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2019 წლის 21 მაისს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა გაიმართა. კომპანია მიიჩნევს, რომ მაღაროელების ქმედება არაკანონიერია და სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება, თუმცა, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ხელმძღვანელობამ დასაქმებულებს ხელფასის 25 %-იანი მატება, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ დაგეგმილი რეორგანიზაციის ხარჯზე მაინც შესთავაზა. თუმცა მიუხედავად ამისა, დასაქმებულებმა აღნიშნულ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და უკანონო გაფიცვა გააგრძელეს. შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ მიიჩნევენ, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50 %-იანი მატების მოთხოვნა არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, შპს „ჯორჯიან მანგანეზსა“ და პროფკავშირებს შორის კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც დასაქმებულებს ხელფასი 10 %-ით გაეზარდათ. სანაცვლოდ, მათ ვალდებულება აიღეს, რომ კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედების 3 წლის განმავლობაში, ხელშეკრულებით დარეგულირებულ საკითხებზე არ მიმართავდნენ გაფიცვის ფორმას.

დღევანდელი გაფიცვით, დასაქმებულებმა არამხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულების აღნიშნული პირობა დაარღვიეს, არამედ უგულებელყვეს გაფიცვის უფლების კანონიერად გამოყენების შესახებ დადგენილი ყველა ნორმა. იმისათვის, რომ ორივე მხარისთვის მძიმე შედეგების თავიდან აცილების და ურთიერთსასარგებლო შედეგის მიღწევის შესაძლებლობა შენარჩუნდეს, შპს „ჯორჯიან მანგანეზი” დასაქმებულებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, არ აყვნენ დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფის პროვოკაციებს და არ მიაყენონ ზიანი საკუთარი ოჯახების და საწარმოს ინტერესებს“.

ცნობისთვის: ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა 15 მაისიდან გრძელდება. გაფიცული მაღაროელების ნაწილმა მერიის შენობის წინ შიმშილობა დაიწყო. მთავარი მოთხოვნა ხელფასების 50%-იანი გაზრდა, ჯანდაცვის და შრომის პირობების გაუმჯობესება და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S