
საერთაშორისო სავალუტო ფონდი – 2023 წელი მსოფლიო ეკონომიკისთვის იქნება კიდევ ერთი მძიმე წელიწადი და ინფლაცია შენარჩუნდება
13/01/2023 07:30:29 მსოფლიო, ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, 2023 წელი მსოფლიო ეკონომიკისთვის იქნება კიდევ ერთი მძიმე წელიწადი და ინფლაცია შენარჩუნდება. ამ პროგნოზის მიუხედავად, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ ჯერ–ჯერობით არ აპირებენ გლობალური ეკონომიკური ზრდის არსებული საპროგნოზო მაჩვენებლის კიდევ უფრო შემცირებას.
IMF–მა 2023 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ბოლოს 2022 წლის ოქტომბერში 2.9%-დან 2.7%-მდე შეამცირა.
Reuters-ის ინფორმაციით, 12 იანვარს კრისტალინა გეორგიევამ ვაშინგტონში ჟურნალისტებს დადებით ფაქტორებად დაუსახელა ის ფაქტი, რომ ნავთობის მკვეთრად გაძვირების მოლოდინი არ გამართლდა და შრომის ბაზარმა მდგრადობა შეინარჩუნა.
ამასთან, გეორგიევა აცხადებს, რომ დღევანდელი მსოფლიო შოკისკენ გაცილებით უფრო მიდრეკილია და საერთაშორისო თანამეგობრობა მზად უნდა იყოს ყველაზე მოულოდნელი რისკებისთვის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა პოტენციურ საფრთხეებად დაასახელა კლიმატური კატასტროფები, მასშტაბური კიბერთავდასხმები და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ესკალაცია, მაგალითად, ბირთვული იარაღის გამოყენებით.
უკრაინაში ომის დაწყებამდე მსოფლიო ეკონომიკამ შოკი კორონავირუსის პანდემიის გამოც განიცადა. IMF–ის მონაცემებით, 2021 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა 6% იყო, 2022-ში კი – 3.2%.