
"ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას, რომ ახალგორის გადასასვლელები გაიხსნას"
29/10/2019 14:09:32 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ახალგორის ოკუპირებულ რაიონში მცხოვრები 70 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "გააგრძელებენ ზეწოლას, რათ ახალგორის გადასასვლელები გაიხსნას".
„მსურს მივუსამძიმრო იმ ქალის ოჯახს, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა ახალგორში. ჩვენ ვერ გავარკვიეთ მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზები და რა მოხდა სინამდვილეში. როგორც ვიცით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები არიან ადგილზე, რომლებიც ფაქტებს სწავლობენ. მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი იყო ის, რომ მას არ მისცეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთის უფლება, რათა სათანადო მკურნალობა მიეღო. ეს არის არსებული შემაშფოთებელი სიტუაციის გამომხატველი კიდევ ერთი სიგნალი. მიუხედავად ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას, რომ ეს სასაზღვრო გადასასვლელები გაიღოს. იმედი გვაქვს, რელევანტური წარმომადგენლები ამ ძალისხმევის დროს კონსტრუქციულები იქნებიან“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ცნობისთვის: ახალგორის ოკუპირებული რაიონის მცხოვრებს, რომელსაც სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა, დე ფაქტო საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს, რის გამოც იგი ადგილზე დაიღუპა.