
სააკაშვილი – წყალტუბოს პროექტზე: „ასეთი მასშტაბური ძარცვა არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში არც ერთი დამპყრობლის მიერ“
29/10/2019 15:31:40 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს დაანონსებულ წყალტუბოს განვითარების გეგმას "მასშტაბური ძარცვად" აფასებს.
"დღეს იგივე ივანიშვილი, რომლის გამოც არ განვითარდა წყალტუბო, მოდის და აპირებს, პრაქტიკულად უფასოდ ხელში ჩაიგდოს ქონება, რომელიც ღირს მინიმუმ, 700 მლნ დოლარი საწყისი ფასი. 700 მლნ დოლარს აცლის საქართველოს ჯიბიდან და იდებს საკუთარი ოჯახის ჯიბეში. ასეთი მასშტაბური ძარცვა არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში არც ერთი დამპყრობლის მიერ. კარგი ამბავი მხოლოდ არის ის, რომ ივანიშვილის მმართველობა უახლოვდება დასასრულს, ეს კიდევ ერთი გამოღვიძების ზარია ჩვენთვის, რომ უნდა დავირაზმოთ და ერთად დავდგეთ", – აცხადებს სააკაშვილი.
მისივე თქმით, წყალტუბოს განვითარება მან 2009 წელს დაიწყო:
"ჩვენ ავუშენეთ დევნილებს ახალი ბინები, გამოვიყვანეთ ისინი სანატორიუმებიდან და შემდეგ უკვე დავიწყეთ ამავე სანატორიუმების განვითარება, რათა ამავე დევნილებს ჰქონოდათ სამუშაო და შემოსავლის წყარო. მე სპეციალურად ვიმოგზაურე მარაქეშში, მაშინდელ მაროკოში და ავიღეთ ზუსტი ასლი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასტუმროს „მამუნიასი“ და ამ ზუსტ ასლს ვაშენებდით სანატორიუმ, ყოფილ „შახტიორის“ ადგილზე. ეს უნდა ყოფილიყო წყალტუბოს „ინტერკონტინენტალი“, ამის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2014 წელს. პარკში, რომელიც ჩვენ ავიღეთ, მსოფლიო ბანკის პროექტით გავაკეთეთ, ვდგამდით ზუსტ ასლს ბადენ-ბადენის ცნობილი აბანოების „კარა კალასი“, ოღონდ გაუმჯობესებულს, გათანამედროვებულს, მსოფლიოში უნიკალურს. კიდევ, ჩვენ გვქონდა პროექტი პრაქტიკულად ყველა სხვა ტურისტულ ობიექტზე და ეს ყველაფერი, ძირითადი ნაწილი უნდა დასრულებულიყო 2013 წლის ბოლომდე, დანარჩენი კიდევ ორი წლის შემდეგ. ივანიშვილი მოვიდა, ყველაფერი გააჩერა, ვერ გააჩერა ერთადერთი პარკი, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ იყო დაკონტრაქტებული. მაგრამ ეს ყველაზე ნაკლები, იყო რაც უნდა გაკეთებულიყო. რაც მთავარია, მან მოკლა ქუთაისის პარლამენტი და წყალტუბო არის გაგრძელება პარლამენტის კომპლექსის. [...] 2013 წლის ბოლოს ეს იქნებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კურორტი, როგორც გავაკეთე ბათუმი. არ დაგვცალდა მაშინ, მაგრამ ცოცხლები ვართ, ძალაც გვერჩის, გეგმებიც გვაქვს და ზუსტად ვიცი, რა როგორ გავაკეთო. ივანიშვილი ემზადება ხელისუფლების დაკარგვისთვის და უკვე ახლა ამზადებს ხალხს, რომლებიც გარანტიას მისცემენ, რომ მის ქონებას არ შეეხებიან. იმიტომ არის ეს ვითომ პარტიული ინიციატივები, რომ თურმე ხალხი უნდა გაძარცვოს და თურმე ეს უნდა შერჩეს. ვერ მივართვით. საქართველო და ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის სიმდიდრეს, გაამრავლებს და ქართველები აღარ წავლენ საქართველოდან. მათ ექნებათ შემოსავლის წყარო, დასაქმების წყარო და მომავალი“.
ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ "წყალტუბოს აღორძინების პროექტის ფარგლებში" ქალაქში არსებული უკლებლივ ყველა სანატორიუმისა და ბალნეოლოგიური აბანოს გამოსყიდვას აპირებს. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირწმუნება, მას არანაირ მოგებაზე არ ექნება საუბარი და მაქსიმალური თანხა თვითღირებულება იქნება.
„ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით", – აცხადებს ივანიშვილი.
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სანატორიუმების რეაბილიტაცია წყალტუბოში მინიმუმ, 8 000 ადამიანს დაასაქმებს და მათი აღდგენის შედეგად, წელიწადში საშუალოდ 600 000-დან 800 000-მდე ტურისტის მიღების შესაძლებლობა ექნება.
"საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000 – 20 000 ადამიანი, რაც უპირობოდ გამოიწვევს მთელი იმერეთის მხარის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აღმავლობას“, – დასძენს ივანიშვილი.