
ISW რუსული ძალების მომდევნო ექვსი თვის გეგმებს პროგნოზირებს
16/01/2023 08:46:16 ევროპა
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) პროგნოზირებს, რომ რუსეთი სავარაუდოდ, ამზადებს მოქმედებების სერიას, რათა დაიბრუნოს ინიციატივა უკრაინის წინააღმდეგ ომში მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში და დაასრულოს უკრაინის ამჟამინდელი ოპერაციული წარმატებები.
„პუტინი და კრემლის ოფიციალური პირები იმეორებენ, რომ რუსეთმა არ თქვა უარი თავის მაქსიმალისტურ მიზნებზე ბრძოლის ველზე დამარცხების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ პუტინს არ შეუცვლია თავისი მიზნები ომში, ჩნდება მტკიცებულება, რომ იგი ცვლის ომისადმი რუსეთის მიდგომის ფუნდამენტურ ასპექტებს ძალისხმევის რამდენიმე ახალი ხაზით“,– ნათქვამია შეტყობინებაში.
ISW-ის მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მათ დააფიქსირეს რამდენიმე ასეთი მიდგომა, რომელიც სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს რუსეთის გადამწყვეტ მოქმედებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში:
- კრემლი აძლიერებს მოკლე და გრძელვადიან ძალისხმევას ძალების გასაზრდელად;
- რუსული ჯარები ინარჩუნებენ მობილიზებულ პერსონალს სამომავლო გამოყენებისთვის. ეს კრემლის თავდაპირველი მიდგომისგან განსხვავდება, როდესაც 2022 წლის შემოდგომაზე ფრონტზე გაუწვრთნელი მებრძოლები გაგზავნა;
- რუსეთი ცდილობს, დაიბრუნოს სამხედრო-სამრეწველო ბაზა;
- პუტინი განაახლებს უკრაინაში სამხედრო ოპერაციებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით კონტროლს და სამხედრო ოპერაციების მეთაურად გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დანიშნა. კრემლი დაგვიანებით ცდილობს, გამოასწოროს სარდლობის სტრუქტურაში არსებული ხარვეზები;
- კრემლი ომის მხარდასაჭერად რუსული საინფორმაციო სივრცის ფორმირებას აძლიერებს.
ISW-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლის მზადება 2023 წელს სავარაუდო გადამწყვეტი სტრატეგიული მოქმედებისთვის არ გამორიცხავს მის მცდელობებს, შექმნას პირობები გაჭიანურებული ომისთვის.
ანალიტიკოსები ასკვნიან, რომ რუსული ჯარები კვლავ სახიფათონი არიან და უკრაინას სჭირდება „დასავლეთის დროული მხარდაჭერა“, რათა სათანადოდ მოემზადოს რუსეთის ქმედებებისთვის 2023 წელს.
„უკრაინის დასავლელ მოკავშირეებს მოუწევთ გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში, მაშინაც კი, თუ რუსეთის გადამწყვეტი ნაბიჯები 2023 წელს ჩავარდება, რადგან კრემლი მაინც ემზადება ხანგრძლივი ომისთვის. დასავლეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მცდელობების მხარდაჭერა რუსეთის შემოჭრის დასამარცხებლად და ეს სწრაფად გააკეთოს“, - ნათქვამია ანგარიშში.