კრიპტოვალუტების ფასები მკვეთრად იზრდება

16-01-2023 13:19:10 მსოფლიო

გასულ 24 საათში კრიპტობაზრის საერთო კაპიტალიზაცია დამატებით 2.5%-ით, $997-მილიარდიან ნიშნულამდე გაიზარდა, რაც მიმდინარე წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

ერთკვირიან ჭრილში ბიტკოინის ფასი 23%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 21,200 დოლარს აღწევს. კრიპტოაქტივის კაპიტალიზაცია კი 410 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება რიგით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტას – ეთერიუმს, მისი ფასი 1,600 დოლარამდეა გაზრდილი, ხოლო კაპიტალიზაცია 200 მილიარდ დოლარს აღწევს. ერთ კვირაში ეთერიუმის ღირებულება 21%-ითაა გაზრდილი.

მკვეთრადაა გაძვირებული სხვა მსხვილი კრიპტოაქტივებიც, მათ შორის: Solana +46%; Avalanche +37%; Polkadot +23%; Polygon +21%; Dogecoin +16%; XRP +15%.

კრიპტოაქტივების ფასების ზრდა აშშ-ის ფედერალური სტატისტიკის ბიუროს მიერ გასაჯაროებულ მონაცემებთანაა დაკავშირებული. აშშ-ში წლიური ინფლაციის დონე 6.5%-იან ნიშნულამდე შემცირდა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ხარჯებს, აღნიშნული მაჩვენებელი 5.7%-მდეა შემცირებული, რაც მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ნელდება.

ინფლაციის ტემპის შენელება, პირველ რიგში, ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებითაა განპირობებული. FED-მა გასულ წელს ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი 4.5%-მდე გაზარდა, რაც 9%-იანი ინფლაციით იყო განპირობებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები