
"შესაძლებელია ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შექმნაც, რომ გავიგოთ, რა ხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე"
30/10/2019 03:51:56 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატ კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის მონიტორინგისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გარდა, შესაძლებელია ეუთო-ს მისიის შექმნაც. ამის შესახებ დიპლომატმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ჟენევის დისკუსიების მექანიზმი, რომელიც დაძაბულობის განმუხტვისთვის არის შექმნილი. თუმცა, ზოგიერთი მექანიზმის შესაძლებლობები, მაგალითად, როგორიცაა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, სრულად არაა გამოყენებული და ჩვენც და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სხვა მონაწილეებიც მუდმივად ვცდილობთ გავააქტიუროთ ეს მექანიზმი. ვითხოვთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ჰქონდეს მეტი წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე, შესაძლებელია ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შექმნაც, რომ მეტ გამჭვირვალობას მივაღწიოთ და გავიგოთ, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს უფრო მეტ შესაძლებლობას გააჩენს, ვიპოვოთ გამოსავალი ადგილზევე" - განაცხადა დეგნანმა.
დეგნანის თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული ქმედებების სამიზნედ რჩება, ვაშინგტონი კი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას:
"ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური დახმარება, რომელიც შეგვიძლია, საქართველოს გავუწიოთ, არის მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირება“.
ამასთან, დეგნანმა მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 2018 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.