
„რუსეთთან ურთიერთობა ეშმაკთან შეთანხმებას ჰგავს“: პოლონეთის პრემიერი დასავლეთ ევროპას მესამე მსოფლიო ომის შესახებ აფრთხილებს
16/01/2023 14:02:23 ევროპა
რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის დამარცხებამ შეიძლება, მესამე მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვიოს. ამიტომ, დასავლეთმა კიევს უნდა მისცეს ის იარაღი, რომელიც საჭიროა აგრესიის მოსაგერიებლად,– ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ბერლინში ვიზიტისას განაცხადა.
"ლიბერალური სამყაროს 30 წელი ილუზიების სამი ათწლეული აღმოჩნდა. დასავლეთ ევროპამ ძალიან ადვილად დაიჯერა, რომ რუსული დათვის მოთვინიერება შეიძლებოდა", - თქვა მან.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო სერიოზული შედეგების წინაშე დადგება.
„უკრაინის დამარცხება შეიძლება, იყოს მესამე მსოფლიო ომის პრელუდია, ამიტომ, არ არსებობს საფუძველი, რომ დაიბლოკოს კიევის მხარდაჭერა და გადავდოთ იგი განუსაზღვრელი ვადით“, - თქვა მორავიეცკიმ.
პოლონეთის მთავრობის მეთაურმა გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდა, მიაწოდოს უკრაინას „ყველა სახის იარაღი“. ამავდროულად, მორავიეცკიმ გააფრთხილა დასავლეთ ევროპა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის საშიშროების შესახებ.
„რუსეთთან ურთიერთობა ეშმაკთან შეთანხმებას ჰგავს. ის რუსულ გაზზე დამოკიდებულ ქვეყნების კისერზე მარყუჟად იქცა. ის, რაც დასავლეთისთვის მხოლოდ წარუმატებელი ბიზნესინტერესების საკითხი იყო, სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხად იქცა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც უკრაინა და პოლონეთია“, - განაცხადა მან.