
„მოწმეა“: „ვაგნერის“ ყოფილი მაღალჩინოსნის რუსეთიდან გაქცევას ადასტურებენ
16/01/2023 15:48:56 ევროპა
ნორვეგიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე ანდრეი მედვედევმა, რომელსაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ყოფილ მაღალჩინოსნად ასახელებენ, არალეგალურად გადაკვეთა საზღვარი და სკანდინავიის ქვეყანაში თავშესაფარი სთხოვა,– იუწყება Associated Press-ს ნორვეგიის იმიგრაციის სამსახურის დირექტორზე დაყრდნობით.
თუმცა ოფიციალურმა პირმა „უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის“ მოტივით დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.
მედვედევის საქმე ნორვეგიის საიმიგრაციო პოლიციას გადასცეს, თავად დაკავებული ოსლოში გადაიყვანეს, სადაც მიგრაციის ცენტრში მოათავსეს. ნორვეგიის პოლიციამ ამ საქმეზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
გასულ კვირას ნორვეგიის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია ქვეყანაში რუსეთიდან მამაკაცის უკანონო შესვლის შესახებ, რომელიც მაშინ მხოლოდ "უცხოელად" მოიხსენიეს. ის მესაზღვრეებმა დააკავეს. მამაკაცი სასაზღვრო ზონაში მდებარე კერძო სახლში შევიდა და პოლიციის გამოძახება ითხოვა.
პოლიციამ განაცხადა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ხუთშაბათს აცნობეს, რომ თოვლში აღმოაჩინეს ნაკვალევი, რომელიც შეიძლება, მიუთითებდეს, რომ ვიღაცამ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.
ნორვეგიული საინფორმაციო სააგენტო NTB-ის ცნობით, მედვედევი იმალებოდა მას შემდეგ, რაც 6 ივლისს ოთხთვიანი კონტრაქტს ვადა ამოეწურა და „ვაგნერი“ დატოვა.
რუსული გამოცემა Meduza წერს, რომ მედვედევი იყო ქვედანაყოფის მეთაური, რომელშიც შედიოდა ევგენი ნუჟინი – „ვაგნერის“ დაქირავებული, რომლიც რუსმა სამხედროებმა სავარაუდოდ, სიკვდილით დასაჯეს.
პროექტის Gulagu.net-ის (რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია) დამფუძნებელმა ვლადიმერ ოსეჩკინმა განაცხადა, რომ მედვედევმა ნორვეგიის საზღვარი გადაკვეთა მურმანსკის რაიონის სოფელ ნიკელთან.
ოსეჩკინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ვაგნერის“ ერთ-ერთი ქვედანაყოფის ყოფილი მეთაური გაიქცა რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში და დათანხმდა, ჩვენების მისცეს „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ.
ოსეჩკინის თქმით, მედვედევი მოწმეა პრიგოჟინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბრძოლაზე უარის მთქმელთა სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის არაერთი ფაქტის. მას შემდეგ, რაც მედვედევმა „ვაგნერი“ დატოვა, სცადეს მისი დაკავება. მედვედევი შიშობდა, რომ მასაც სიკვდილით დასაჯა ელოდა.