
რადაში არესტოვიჩის გადაყენება მოითხოვეს
16/01/2023 17:40:21 ევროპა
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ალექსი გონჩარენკომ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების დაწყების შესახებ განაცხადა. ამავდროულად, მან მიმართა უსაფრთხოების სამსახურს მოთხოვნით, შეამოწმოს არესტოვიჩი ქვეყნის ღალატში.
გარდა ამისა, გონჩარენკოს თქმით, „ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ არესტოვიჩის ფანტაზიებს სამხედრო თემებთან დაკავშირებით, არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციასთან“.
16 იანვარს რადას კიდევ რამდენიმე დეპუტატმა მიმართა პრეზიდენტის აპარატის უფროსს ანდრეი ერმაკს არესტოვიჩის პოზიციას უფიციალურად გაემიჯნოს. მათი აზრით, არესტოვიჩის ქმედებები ზიანს აყენებს ქვეყანას - განსაკუთრებით იმიტომ, რომ მისი თეზისი დნეპეროში საცხოვრებელი კორპუსის დანგრევის მიზეზების შესახებ "მყისიერად აიტაცა და გაავრცელა აგრესორი ქვეყნის მედიამ".
14 იანვარს ალექსეი არესტოვიჩმა YouTube არხის ფეიგან– Live-ის ეთერში განაცხადა, რომ რაკეტა, რომელმაც გაანადგურა საცხოვრებელი სახლის ნაწილი დნეპროში, რის შედეგადაც სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემის შედეგად აფეთქდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ეს უარყვეს - მათი თქმით, რაკეტის პირდაპირი დარტყმა მოხდა.
მოგვიანებით არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა ეთერში ნათქვამი სიტყვებისთვის და ის დაღლილობით ახსნა, მაგრამ შემდეგ უკან წაიღო ბოდიშის სიტყვები, რადგან გადახედა ჩანაწერს და დარწმუნდა, რომ გამოთქვა მხოლოდ ჩამოგდებული რაკეტის ვერსია ბევრი დათქმით.
თუმცა უკრაინაში პრეზიდენტის მრჩევლის სიტყვებმა სკანდალი გამოიწვია. დნეპროს მერმა ბორის ფილატოვმა არესტოვიჩს "ნარცისი პირუტყვი" უწოდა.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეიარაღებული შეჭრის დაწყებიდან არესტოვიჩი იყო პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი. არესტოვიჩის ეთერები და ინტერვიუები, რომლებშიც ის ომის მიმდინარეობაზე საუბრობს, მილიონობით ნახვას აგროვებს. უკრაინის სოციოლოგიური სამსახურების კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი უკრაინის სამი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწიდან ერთ-ერთია: მას მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკი და ანდრეი ერმაკი უსწრებენ. გასული წლის აგვისტოში არესტოვიჩმა გამოაცხადა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის შესახებ.